საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიას მირიან გოგიაშვილი ხელმძღვანელობს. „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ დირექტორის მირიან გოგიაშვილის განცხადებით, კომპანიის შექმნის მიზანი მაქსიმალურად ეფექტიანი და მომგებიანი სექტორების და პროექტების შერჩევაა.
როგორც BM.ge-ის გოგიაშვილმა განუცხადა, „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანია“ საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიაა.
კომპანიის ფუნქციებს შორისაა ქვეყნის დაჩქარებული განვითარებისთვის დარგობრივი პრიორიტეტების და მათი რეგიონული განზომილების კვლევა ფარდობითი უპირატესობის გათვალისწინებით; ასევე, შესაბამისი ბიზნეს-პროექტების იდეების ინიცირება, განხილვა, მათი პირველადი დამუშავება და შემდეგ უკვე შერჩეული პროექტების საპარტნიორო ფონდისთვის წარდგენა.
საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა - სოფლის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ქიმიური მრეწევლობა და ა.შ.
გოგიაშვილის განცხადებით, ამჟამად, „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიაში“ დამუშავების პროცესშია 30-მდე პროექტი, 7 პროექტი კი უკვე მოიწონა საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საბჭომ და მხოლოდ დაფინანსების ეტაპი დარჩა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად კომპანიაში 12 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ბიუჯეტს რაც შეეხება, ის არაა პირდაპირ საბიუჯეტო ორგანიზაცია, ამიტომ აღნიშნულის გასაჯაროების ვალდებულება არ აქვთ.

























