მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპარტნიორო ფონდმა" "ბორჯომი-ლიკანის" 100%-იანი წილი გამოისყიდა

5b2b94ff4d8b4
BM.GE
21.06.18 16:04
2548
"საპარტნიორო ფონდი“ სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100% აქციების მფლობელი გახდა. აღნიშნული გარიგების შესახებ დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერა. ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ მიერ დაფუძნებული შპს „კმგ-სერვის საქართველოს“ 100%-იანი წილი „საპარტნიორო ფონდს“ გადმოეცა. აქამდე, შპს „კმგ-სერვის საქართველო“ და „საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციების 50-50%-ს ფლობდნენ. გარიგების ღირებულებას მხარეები არ ასაჯაროებენ. ფონდში ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია „კომერციულ საიდუმლოებას“ წარმოადგენს.

"ეს არის წარმტებული კომერციული კონტრაქტი. პრინციპული შეთანხმება სასტუმროს აქციების შესყიდვის შესახებ ასტანაში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტის დროს გავაფორმეთ. დღეს კი ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების ფორმალურ დეტალებს ითვალისწინებს. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორ ყაზახურ მხარეს გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებმაც გამაჯანსაღებელ კომპლექსს ფართო ტურისტული დატვირთვა შესძინა. ჩვენ ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით ვაგრძელებთ.

რაც შეეხება სასტუმროს, მას შემდეგ, რაც შევწყვიტეთ თანამშრომლობა კომპანია „RIXOS“-სთან, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ცნობილ უმსხვილეს ოპერატორებთან. დღესდღეობით კი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს. მალე „საპარტნიორო ფონდი“ ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლისა და პარკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირების გეგმასაც წარადგენს, რომლის განხორციელების შედეგად სასტუმრო კომპლექსი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი იქნება“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებლემა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„ყაზმუნაიგაზ-სერვისს“ ლიკანის ტერიტორიის ნაწილი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით 2006 წელს გადაეცა. როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, პარტნიორი კომპანიის 50%-იანი წილი დღეს, „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ მიერ სასტუმროს მშენებლობაში ინვესტირებულ თანხასთან შედარებით, იაფად შეისყიდეს.

„საპარტნიორო ფონდსა“ და „კაზმუნაიგაზ-სერვისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფონდის საკუთრებაში სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გარდა, ქობულეთში მდებარე 70073 კვ.მ მიწის ნაკვეთიც გადმოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები