კრწანისის ტყე-პარკი, რომელიც საპატრიარქოს მოთხოვნით სახელმწიფომ ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გაცვალა, ორი წლის თავზე კვლავ ფუნქციის და ინვესტორის გარეშეა დარჩენილი. ტყე-პარკი ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე 2015 წლის ნოემბერში გადავიდა და მას შემდეგ ეკონომიკის სამინისტოროს მხრიდან ამ ტერიტორიის მიმართ ინტერესი და აქტიურობა აღარ ფიქსირდება.
რას უპირებენ კრწანისის ტყე-პარკს და იგეგმება თუ არა რაიმე საინვესტიციო აქტივობა?-bm.ge-ს ეს კითხვა ქონების მართვის სააგენტოში კომენტარის გარეშე დატოვეს, არადა ჯერ კიდევ ორი წლის წინ მაშინდელი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ამტკიცებდნენ, რომ ტყე-პარკის გაცვლით სახელმწიფომ უფრო მეტი სარგებელი მიიღო.
"მოხდა ქონების ჩანაცვლება, - საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი მიიღო, რომელსაც უფრო მეტი საინვესტიციო დატვირთვა ექნება,“ - აცხადებდა მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
"2-3 თვეში ჩვენ შევძლებთ პატარა პრეზენტაცია გავაკეთოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ინვესტორი ჩანს, თუმცა რა უნდა გაკეთდეს არ გეტყვით“, - ეს განცხადება კი დიმიტრი ქუმსიშვილმა 2015 წლის ნოემბერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ 35 მილიონ ლარად შეფასებული ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, მისივე მოთხოვნით სახელმწიფოს კრწანისის ტყე-პარკში გაუცვალა. თუმცა, თავად ტყე-პარკი საპატრიარქოს სახელმწიფოსაგან 1 ლარად ჰქონდა მიღებული. გაცვლის საკითხი კი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საპატრიარქოსა და კერძო ინვესტორს შორის ამ ტერიტორიის განაშენიანების პროექტი ჩავარდა და მის მიმართ ინტერესი აღარც საპატრიარქოს ჰქონდა და აღარც ინვესტორს.
განსხვავებული სიტუაცია იყო ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის ირგვლივ. სახელმწიფო მის პრივატიზაციას ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის გეგმავდა და პოტენციური ინვესტორებიც უკვე არსებობდნენ.

























