მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო დანაზოგები შესაძლოა, ორ–სამ წელიწადში ენერგოსექტორში ინვესტირდეს

5cc43515b3742
დავით ჯალაღონია
27.04.19 16:30
2226
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სექტორი საპენსიო დანაზოგების ინვესტირებისთვის მაღალი რისკის შემცველი არ არის. ამის შესახებ მან BM.GE–ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ენერგოსექტორი არ არის მაღალრისკიანი. კანონით, პირდაპირი ინვესტიციები შეუძლებელია. ჩვენ პირდაპირ ვერავის ვასესხებთ ფულს, მაგრამ თუ რომელიმე კომპანიას, მათ შორის ენერგოსექტორიდან და მათ უფრო აქვთ ხოლმე ასეთი პროგნოზირებადი მომავალი შემოსავლები, რომელიც მაგალითად ელექტროენერგიის გაყიდვიდან არის და ეს არის ძალიან სტაბილური შემოსავალი, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა არასდროს გაქრება და გაყიდვები ყოველთვის ექნებათ, მათ შეუძლიათ ამ მომავალ შემოსავლებზე დაყრდნობით მოახდინონ მისი ე.წ სექიურითიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემოსავლების პორტფელზე დაყრდნობით გამოუშვან კეთილსაიმედო ფასიანი ქაღალდები. აი იმ ფასიან ქაღალდებს შევიძენთ და ამის მეშვეობით მოხდება მისი დაფინანსება", – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

კითხვაზე, ეს პერსპექტივა ხუთწლიანი, ან უფრო გრძელვადიანია თუ არა, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი საინვესტიციო აქტივობები ენერგოსექტორში უფრო ადრეა მოსალოდნელი.

"არა, უფრო ადრეც მგონია რომ მოხდება. ჩვენ ექვს წელიწადში უკვე ხუთ მილიარდ ლარს ველოდებით (საპენსიო ფონდში), რაც უკვე ხელშესახები თანხაა. მე ვფიქრობ, უახლოეს ორ–სამ წელიწადში თქვენ დაინახავთ კაპიტალის ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვან აქტივობას", – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რანგში ნათია თურნავამ BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, რომ "კერძო დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის თანახმად, პირველი ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის რისკიან საინვესტიციო პროექტებში დაბანდება არ შეიძლება, ენერგოპროექტები კი სწორედ ასეთ სეგმენტს განეკუთვნება.

"ენერეგეტიკული რეფორმის ფარგლებში, სულ უფრო და უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი გარანტირებული შესყიდვის პროექტები, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მიღებული გვაქვს კანონი „კერძო და საჯარო პარტნიორობის“ შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა ბერკეტები გამოიყენოს და მათ შორის მსხვილი ენერგეტიკული პროექტების თანადაფინანსება განახორციელოს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით მიიღებს სახელმწიფო მონაწილეობას მსგავსი პროექტების თანადაფინანსებაში, მე გეტყვით, რომ მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდი უახლოესი 5 წელი ვერ განახორციელებს თანაინვესტირებას მაღალი რისკის პროექტებში და ენერგეტიკული პროექტები სამწუხაროდ, მიეკუთვნება მაღალი რისკის პროექტებს, რომელიც მინიმუმ მშენებლობის ეტაპზე ანუ როგორც მინიმუმ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, ეს ბერკეტი ვერ იქნება გამოყენებული.

რაც შეეხება სხა ქვეყნების საპენსიო ფონდებს, ისინი გამოხატავენ ძალიან მაღალ ინტერესს, რომ თანამონაწილეობა მიიღონ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაში - ჩვენ მოგვმართავს გერმანიის საპენსიო ფონდი, ასევე საფრანგეთის საპენსიო ფონდი და ისინი უფრო სწრაფად შეძლებენ ამ ინვესტიციის განხორციელებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ჩვენი საპენსიო ფონდი ამ შესაძლებლობას სულ მცირე ხუთი წელი მოკლებული იქნება“.

ცნობისთვის: საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა სპეციალურმა საბჭომ უნდა მართოს, რომლის დასაკომპლექტებლად გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსი უკვე დასრულდა. საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 100-ზე მეტი კანდიდატურა არის წარდგენილი, საიდანაც უმრავლესობა უცხოელია. შესარჩევმა კომისიამ მათგან საბჭოს წევრად 5 ადამიანი უნდა დაამტკიცოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები