2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საპენსიო ფონდში დაახლოებით 50 მილიონ ლარზე მეტია აკუმულირებული. საპენსიო შენატანების ინვესტირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან საინვესტიციო საბჭო ჯერ კიდევ დაკომპლექტებული არ არის და შესაბამისად, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტიც არ არსებობს.
სანამ საპენსიო შენატანების ინვესტირება დაიწყება, მანამდე საპენსიო სააგენტომ ეროვნული ბანკის თანხმობა მიიღო და ნომინალური მფლობელობის ანგარიშებიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარი დეპოზიტებზე გადაიტანა, რომელსაც 6%-მდე სარგებელი ერიცხება.
კრიტიკას, რომ მთავრობამ და შესაბამისად საპენსიო სააგენტომ არ იცის, სად მოახდინოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული თანხების დაბანდება, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე არ იზიარებს.
„საპენსიო ფონდში აკუმულირებლი თანხების ინვესტირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს კანონი, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ჯერ არ არის ცნობილი, სად შეიძლება ინვესტირება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ძირითადი პრინციპები კანონშია, მიმდინარეობს უკვე შესარჩევი კომისიის დაკომპლექტება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში იქნება საინვესტიციო საბჭო შეკრებელი, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს დადებს, რომლის მიხედვითაც მოხდება საპენსიო აქტივების ინვესტირება, თუმცა, დღესაც ჩვენი საპენსიო თანხები განთავსებულია ბანკებში და ერიცხება საკმაოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი. შესაბამისად, ჩვენი საპენსიო დანაზოგების რეალური მაჩვენებელი იზრდება“-აცხადებს bm.ge-თან მიქაბაძე.
კითხვაზე, თავიდანვე ჰქონდა თუ არა გათვლა მთავრობას, საპენსიო დანაზოგების ინვესტირებამდე ამ თანხების სარგებლიან დეპოზიტზე განთავსება მომხდარიყო, მიქაბაძე პასუხობს, რომ ეს მიმდინარე სიტუაციამ მოიტანა.
„ეს, რა თქმა უნდა, მიმდინარე სიტუაციამ მოიტანა. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს საპენსიო აქტივებს საკმაოდ მაღალი სარგებელი ერიცხება, რომელიც მის რეალურ ზრდას უზრუნვეყოფს“-აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება დაახლოებით 2 თვის შემდეგ დაიწყება. როგორც ის bm.ge-თან ამბობს, სწორედ ეს დრო დასჭირდება საინვესტიციო საბჭოს დაკომპექტებას და საინვესტიციო პლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას.

























