მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო დანაზოგმა ₾8.8 მილიარდს გადააჭარბა - როგორ აისახა ირანში ომი პორტფელებზე?

საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდმა 31 მარტის მდგომარეობით არსებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ფონდის აქტივებმა 8.8 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მარტის თვის მონაცემებით, კონსერვატიულმა პორტფელმა შედარებით მცირე, 0.39%-იანი კლება აჩვენა, სადაც აქციების პორტფელის წილი ნაკლებია, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ამონაგები შესაბამისად -1.85% და -3.08% იყო.

როგორც ფონდში განმარტავენ, მარტში საპენსიო ფონდის პორტფელების შემოსავლიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალურ ბაზრებზე გაზრდილმა არასტაბილურობამ, რაც ირანში ომის ესკალაციას უკავშირდებოდა.

"გასული თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები, ხოლო აქციების ბაზარზე ინვესტორების სენტიმენტების გაუარესების ფონზე ფასების კორექცია დაფიქსირდა. აღნიშნული დინამიკა პირდაპირ აისახა საპენსიო ფონდის პორტფელების მოგებიანობაზე, რომელთაც საერთაშორისო აქციებში განსხვავებული პროპორციით აქვთ აქტივები განაწილებული.

მიუხედავად გაზრდილი მერყეობისა, საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელებმა საერთო ჯამში მდგრადობა შეინარჩუნა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ადგილობრივი აქტივის კლასების სტაბილური შემოსავლიანობით.

აღსანიშნავია, რომ მერყეობის მიუხედავად სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე დადებით შემოსავლიანობას ინარჩუნებს, ამასთან პორტფელების შექმნიდან დღემდე გაწლიურებული ამონაგები 11%-13%-მდე მერყეობს, დინამიკური პორტფელი კი ლიდერობას ინარჩუნებს",- აღნიშნავენ ფონდში.

მარტის ბოლოსთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 727 ათასი ადამიანია.

ამასთან, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 30,138-მა პირმა და მათზე პენსიის სახით გაიცა 145,5 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები