საპენსიო ფონდი კომპანიებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ფონდი მიუთითებს, რომ 2025 წლის 1 მაისიდან შესაბამისი დეკლარაციების წარუდგენლობის შემთხვევაში დამსაქმებლებს დაეკისრებათ ჯარიმები და საურავები, რომელთა თავიდან არიდებისთვისაც აუცილებელია, რომ კომპანიებმა სრულად მოახდინონ მათი თანამშრომლების საპენსიო სისტემაში დარეგისტრირება.
"2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე, არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე უზრუნველყოს შესაბამისი მოცულობის თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.აქედან გამომდინარე, საპენსიო ფონდი გთხოვთ, ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ დეკლარირების დროულობას, სიზუსტეს და შესაბამისი საბალანსო თანხის არსებობას არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე.საბალანსო თანხის მესამე პირის მიერ ჩარიცხვისას გადაამოწმეთ არის თუ არა ასახული ჩარიცხული თანხა საბალანსო თანხაში", - ნათქვამია საპენსიო ფონდის განცხადებაში.
საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კომპანიებს სისტემის წინაშე ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება აქვთ დაგროვილი, რასთან მიმართებითაც საპენსიო ფონდი აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომლითაც სააგენტო საკუთარი მონაცემთა ბაზის სისწორის გაუმჯობესებას გეგმავს შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის სისტემაა, რომელზე წვდომაც სააგენტოს მუდმივ რეჟიმში იმაზე დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს თუ რამდენად პირნათლად ასრულებენ კომპანიები მათზე დაკისრებული შენატანების გადახდის ვალდებულებას.
2025 წლის მაისის მდგომარეობით სისტემაში სულ 1,431,679 მოქალაქე მონაწილეებს, რომელთა ჯამური საპენსიო დანაზოგებიც 6.9 მილიარდ ლარს შეადგენს.



























