2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ერთი მონაწილის საშუალო საპენსიო დანაზოგი 6,437 ლარია.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ფონდის ოქტომბრის სტატისტიკის თანახმად, გასულ თვეში საპენსიო აქტივების მოცულობა 150 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
აღნიშნული თანხა სისტემაში ჩართული 1,594,717 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს.
საპენსიო აქტივების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 10.1 მილიარდი ლარი, კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული. მასში მონაწილეთა დანაზოგების 99.3% არის თავმოყრილი. ავტომატურად, სისტემაში ჩართული ყველა მოქალაქის დანაზოგი სწორედ კონსერვატიულ პორტფელში ხვდება, ხოლო საინვესტიციო პორტფელის შესაცვლელად მონაწილეებმა საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ. ოქტომბრის მდგომარეობით, პორტფელი შეცვლილი ჰქონდა 10,380 მოქალაქეს, რომლებმაც დანაზოგები დაბალანსებულ ან დინამიკურ პორტფელებში გადაიტანეს.
საპენსიო ფონდის მონაცემებით, 2026 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი საინვესტიციო ამონაგები დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა და 12.86% შეადგინა. დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 12.21% იყო, კონსერვატიულის კი 10.2%.
საინვესტიციო პორტფელები აქტივების განაწილებით განსხვავდება. კონსერვატიულ პორტფელში ძირითადად ლარის აქტივებია წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები. უცხოური ვალუტის აქტივების წილი ამ პორტფელში 18.4%-ია და ის ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.
დაბალანსებულ პორტფელში ლარის აქტივების წილი 62.5%-ს შეადგენს, დინამიკურში კი 42.3%-ს. შესაბამისად, დინამიკურ პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივებისა და გლობალურ საფონდო ინდექსებში ინვესტირებული თანხების წილი ყველაზე მაღალია.
საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად მისი ხელფასის 6% ირიცხება. აქედან 2%-ს დასაქმებული იხდის, 2%-ს დამსაქმებელი ამატებს, ხოლო დარჩენილ 2%-ს სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადიდან მიმართავს საპენსიო ფონდში. დაგროვილ თანხებს ფონდი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულ ამონაგებსაც უმატებს. ფონდის დონეზე ამ დრომდე ძირი შენატანები შეადგენს 7 მილიარდ ლარს, ხოლო დარიცხული სარგებელი უკვე 3 მილიარდ ლარს აღწევს.
























