რუსსოს განცხადებით, საინვესტიციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მომდევნო დღეების განმავლობაში კი, დაიწყება აქტიური დისკუსია იმის შესახებ თუ რა სახის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საპენსიო ფონდს.
როგორც ოლივერ რუსსომ განაცხადა, საინვესტიციო საბჭო საკუთარი პოლიტიკის შემუშავებაში რიგი საკანონმდებლო მოთხოვნებით არის შეზღუდული, თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით, საბჭო საუკეთესო საინვესტიციო მოდელს მიაღწევს.
"ჩვენ გვექნება ღრმა დისკუსიები საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. გვესმის, რომ არსებობს ბევრი შეზღუდვა. ბორდის უცხოელი და ქართველი წევრები, ყველანი ვხედავთ ძალიან საინტერესო შესაძლებლობას იმისთვის, რათა დაფინანსდეს ქართული ეკონომიკა. ეს საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს სარგებელს. ვაცნობიერებთ, რომ ეს იქნება რთული ამოცანა. ვიმუშავებთ როგორც ერთიანი გუნდი, მე, ვიცე-თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი და ბორდის სხვა სამი წევრი, ვიქნებით ერთიანი და ეფექტური გუნდი.
მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო პოლიტიკა შეზღუდულია საკანონმდებლო ჩარჩოებით. გვსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის განვითარება. თავად საინვესტიციო პოლიტიკა ფიქსირებული შემოსავლის აქტივებზე იქნება ორიენტირებული, ეს დაბალრისკიანი აქტივებია. 80% აქტივების დაბანდდება საქართველოს ეკონომიკაში. მთლიანობაში საკმაოდ ბევრი ჩარჩო არსებობს, რომელსაც კანონმდებლობა ფონდის საინვესტიციო გუნდს უწესებს, ჩვენ გვესმის რაციონალი ამ საკანონონმდებლო შეზღუდვების მიღმა და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია საინვესტიციო პორტფელის მომზადება, რომელიც ამას დააკმაყოფილებს", - ამბობს ოლივერ რუსსო.
საინვესტიციო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მრჩეველი ჟან ფრედერიკ პოლსენი. მისი თქმით, საბჭოს საქმიანობის უმთავრესი წინაპირობა, მისი სრული დამოუკიდებლობაა.
"ჩვენ გავმართეთ საინვესტიციო საბჭოს პირველი შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ საბჭო შეიკრიბა და დაკომპლექტდა ასეთი გამოცდილი კადრების მეშვეობით. მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენთვის, როგორც ბორდის წევრებისთვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები ჩვენს გადაწყვეტილებებში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს ვიმსჯელეთ და მინდა, რომ დამოუკიდებლობის საკითხს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი,"- ამბობს ჟან ფრედერიკ პოლსენი.
საინვესტიციო საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი ჰყავს; ის საქართველოს ბანკის დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით წიკლაურია. წიკლაურის თქმით, თავდაპირველად, შესაძლოა ფონდში აქტივების ზრდამ კაპიტალის ბაზრის ზრდას გაასწროს.
"საინვესტიციო გეგმასა და საინვესტიციო პოლიტიკაზე დაიწყება მუშაობა. შემუშავდება ეს დოკუმენტი მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა საპენსიო ფონდმა უკვე დაიწყოს ამ დაგროვილი თანხის ინვესტირება. საინვესტიციო პოლიტიკით განისაზღვრება ის რისკის ზღვრები, რომლებიც შემდგომ უკვე საინვესტიციო ოფიცერმა უნდა განკარგოს. არის უკვე გამზადებული პროექტები, სადაც ასე ვთქვათ კაპიტალის სტრუქტურა შედგება კაპიტალისგან და ასევე ლევერიჯისგან. თუ გადაწყვიტავს ასეთი პროექტი, რომ მაგალითად გამოუშვას ობლიგაცია, ბონდი, დიდი სიამოვნებით განიხილავს ამას საინვესტიციო ოფიციერი იქ შეძენას.
დღეს საბანკო სისტემას თუ შეხედავთ, სასესხო ვალდებულებები მშპ-თან არის დაახლოებით, 60%-ზე, ამის ნახევარი არის კორპორატიული დაკრედიტება. თუ გადაწყვიტავენ მაგალითად ეს კომპანიები, რომ დივერსიფიცირება გააკეთონ თავიანთი დაფინანსების, წავიდნენ და კაპიტალის ბაზრების მეშვეობით მოიზიდონ სახსრები, მაშინ რატომაც არა.
დღეს ობლიგაციების ბაზარი არის დაახლოებით, 10 მილიარდი, 5 წლის განმავლობაში კი ეს 10 მილიარდი გაიზრდება. რეფორმამ შეიძლება გაასწროს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მაგრამ საერთო ჯამში, კაპიტალის ბაზარი უნდა დაეწიოს,"- ამბობს დავით წიკლაური.
საბჭოს შემადგენლობა ასეთია:
დავით წიკლაური (3 წლის ვადით);
ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით);
ოლივიე რუსსო (5 წლის ვადით);
ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით);
მაიკლ რიდლი 9 (5 წლის ვადით);
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის თქმით, საპენსიო სისტემაში 831,000 ადამიანი არის გაწევრიანებული.
"დღევანდელი მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საპენსიო სისტემაში გაწევრიანებული არის 831,000 ადამიანი და აქედან დაახლოებით, 13%-მა დატოვა საპენსიო სისტემა. ზუსტად არ მახსოვს მათგან რამდენი არის საჯარო და რამდენი არის კერძო, საჯარო ნაკლებია, ვიდრე - კერძო.
ეკონომიკის სექტორი ბევრია, ჩემი აზრით, საქართველოში არის მომგებიანი სექტორები, საიმედო სექტორებიც. ასეთი არის მაგალითად ენერგეტიკა, სატელეკომუნიკაციო სექტორი, ლოგისტიკური სექტორი, საბანკო სექტორიც მათ შორის. ჩემი აზრით, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა სავსებით მისაღწევია, რომ იყოს კარგი ამონაგები და დაბალი რისკი,"- ამბობს სურგულაძე.

























