მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდს ეზრდება ლიმიტი, რომლითაც მსხვილი პროექტების დაფინანსება შეეძლება - კანონპროექტი

ლევან დავითაშვილი

საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის რადიკალურ შეცვლას გეგმავს. ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა. ამავე ცვლილებებით იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდს შეეძლება შევიდეს მსხვილი პროექტების ფინანსირებაში. საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად პროექტის დაფინანსებაში პირდაპირ მონაწილეობაზე.

საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები 4.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან 4.8 მილიარდი ლარი განთავსებულია ნაკლებად რისკიან საპენსიო პორტფელში, დანარჩენი კი საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში.

პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება, ეს შეიძლება იყოს ჰესის მშენებლობის ფინანსირებაში მონაწილეობა, პორტის პროექტი თუ სხვა საინვესტიციო პროექტი, თუკი აღნიშნულ პროექტის ფინანსირებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მონაწილეობენ

ამჟამად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან თანხის ჩადება შესაძლებელია მხოლოდ ფინანსურ აქტივებში, ეს არის სახელმწიფო და კორპორატიული ობლიგაციები, დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები და კორპორატიული აქციები.

თუმცა, ახალი კანონპროექტის თანახმად, ამ ჩამონათვალს დაემატება “სხვა აქტივები”, რომლებშიც თანხის ინვესტირება აღნიშნული საინვესტიციო პორტფელის მოცულობის 15%-ის ოდენობით იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 720 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის სხვა აქტივებში ინვესტირების ნებართვა ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს.

ამჟამად პროექტების მსგავსი სახით დაფინანსების შესაძლებლობას კანონი მხოლოდ საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელის შემთხვევაში უშვებს. კერძოდ, საშუალორისკიან პორტფელში ის მაქსიმუმ პორტფელის 15%, ხოლო მაღალრისკიანში 20% შეიძლება იყოს, თუმცა იმის გამო, რომ ამ ორივე პორტფელის მოცულობა 100 მილიონ ლარამდეა, საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ დაფინანსებების გაცემისთვის მათ უფრო მეტი სახსრები სჭირდებათ, შესაბამისად სხვა აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობა გაჩნდა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელისთვის, რომლის მოცულობაც 4.8 მილიარდი ლარია, რომლის 15%-იც 720 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, იზრდება ლიმიტები საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში, თუკი საშუალორისკიან პორტფელში სხვა აქტივების მაქსიმალური წილი იყო 15%, განახლებულ კანონში ის 20%-ია, ხოლო მაღალრისკიან პორტფელში 20%-ის ნაცვლად 25%.

სხვა აქტივების განმარტება:

"სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

ამ მუხლის მე-16 პუნქტის „დ​2“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში 20 პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა,"- ნათქვამია კანონში.

ამავე კანონპროექტით საპენსიო სააგენტოს ეცვლება სახელი და მას საპენსიო ფონდი ეწოდება. უფრო ვრცლად კანონპროექტის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები