საქართველოს საპენსიო ფონდი ჯარიმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს. საუბარია ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებზე.
"საქართველოს საპენსიო ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ფონდს განცხადებით. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად",- აცხადებენ ფონდში.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში და საპენსიო ფონდში.
შეგახსენებთ, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა. 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით.




























