მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო ფონდში, რომელიც რეფორმის თანახმად უნდა შეიქმნას, სახელმწიფოს მონაწილეობა მაღალი იქნება"

578f655dd0dfd
დავით ჯალაღონია
20.07.16 15:48
1390
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საპენსიო ფონდში, რომელიც რეფორმის თანახმად უნდა შეიქმნას, სახელმწიფოს მონაწილეობა მაღალი იქნება.

"ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც მოხდება აღნიშნული თანხის ინვესტირება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ეს იყოს დაბალრისკიანი პროექტები, შესაბამისად შემდგომში მენეჯმენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ცხადია, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა მაღალი იქნება“, - განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, რამდენი პროცენტით გაიზრდება სახელმწიფოს ხარჯები საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ უწყება ამას ითვლის.

„ჩვენ რა თქმა უნდა, ამას ვითვლით და ისე არ ვღებულობთ გადაწყვეტილებებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული ხელფასების გარკვეული წილი იქნება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ყველასთვის ერთნაირი არ იყოს - ვისაც მაღალი შემოსავლები აქვთ, მათთვის შეიძლება, 2%-ზე ნაკლები იყოს“, - განმარტა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ორ-ორ პროცენტიან შენატანებს გააკეთებენ. დაგროვებითი საპენსიო სისტემით სარგებლობა ნებაყოფლობითი იქნება და ბენეფიციარი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ფინანსურ შემოსავალს მიიღებს.
რაც შეეხება დღეს არსებულ სოციალური პენსიის მოდელს, ეს შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები