მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო რეფორმის ფარგლებში, თვითდასაქმებული პირები საპენსიო ფონდში ხელფასის 4%-ს შეიტანენ

5790665a8cb16
BM.GE
21.07.16 10:00
2176
საპენსიო რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ფონდში გაწევრიანება თვითდასაქმებულებსაც შეეძლებათ. განსხვავებით დაქირავებით დასაქმებულებისგან, თვითდასაქმებულ პირებს ფონდში ყოველთვიურად საშუალო ხელფასის 4%-ის შეტანა მოუწევთ 2%-ის ნაცვლად, დამატებით 2%-ს კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. თვითდასაქმებული პირებისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება. როგორც საპენსიო რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, ხელფასის 2%, რომელსაც დამსაქმებელი გადაიხდის არა გადასახადი, არამედ „სოციალური ვალდებულება“ იქნება.

"ჩვენი საპენსიო რეფორმის კონცეფცია შედგება ორი ნაწილისგან, - ერთი ეხება არსებულ პენსიონერებს, ხოლო მეორე ნაწილი კი მომავალ პენსიონერებს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ სამუშაო ასაკშია. არსებული პენსიონერებისთვის შემოგვაქვს ინდექსაციის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე, თუ როდის და რამდენად მოიმატებს პენსია. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს, ინფლაციის შესაბამისად. არსებული პენსია ფასების მატებასთან შესაბამისად გაიზრდება ყოველწლიურად. მაგალითად თუ ინფლაცია იქნება 5%, პენსია მოიმატებს 9 ლარით, თუ ეკონომიკური ზრდა იქნება რაღაც პარამეტრზე მაღალი, პენსიაც 9 ლარზე მეტად მოიმატებს.

კერძო საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ვფიქრობთ რომ ეს შეეხოს თვითდასაქმებულებსაც. რაც იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო ნერგავს დამატებით კომპონენტს, იმისთვის რომ მოქალაქეს ჰქონდეს სურვილი გაწევრიანდეს საპენსიო ფონდში, სახელმწიფო ქმნის ფინანსურ სტიმულს, იმისთვის რომ მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა საპენსიო ფონდში, - ყოველთვიურად შეიტანოს ხელფასის 2%, სამაგიეროდ სახელმწიფოც და დამსაქმებელიც 2-2 პროცენტს აჩუქებს.

თვითდასაქმებული შემთხვევაში აიღება საშუალო ხელფასის ოდენობა და შეიტანს 4%-ს ორის ნაცვლად, სახელმწიფო კი კვლავ 2%-ს. ეს იქნება ნებაყოფლობითი. კერძო დაგროვებითი მოდელის ფარგლებში, მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი საპენსიო უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება და ეს არის მოქალაქის და სახელმწიფოს ერთობლივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

ძიძიკაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს დაახლოებით, 710 000 პენსიონერი ჰყავს, 2030 წლისთვის კი მათი რაოდენობა სავარაუდოდ 950 000-ს გადააჭარბებს, რაც მისი თქმით იმას ნიშნავს, რომ 15 წლის შემდეგ სახელმწიფოს, არსებული საპენსიო სისტემის ფარგლებში, პენსიების ზრდა კიდევ უფრო გაუჭირდება.

"ჩვენი სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ ეს თანხები კერძო სექტორის მიერ იმართებოდეს. ანუ სახელმწიფო თანხას მოქალაქეებისგან აგროვებს, სახელმწიფო მონიტორინგს უწევს ანგარიშებს და სახელმწიფო უყურებს ეს ანგარიშები რამდენად ივსება. ასე ვთქვათ, ანგარიშებს უწევს ზედამხედველობას. 30 წლიან შემოსავლების პროგნოზს ვერავინ დაადასტურებს, თუმცა რაც მაქსიმალურად შესაძლებელია ყოველ წელს წინასწარ იქნება ხუთწლიანი გადაწყვეტილებები მიღებული თუ რას შეიძლება მოქალაქე ელოდოს და შესაბამისად, შეფასება სტრატეგიიდან გამომდინარე მოხდება თუ რა შესაძლებლობები არსებობს ყოველწლიურად ეკონომიკაში.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არავინ იცის რა იქნება 30-40 წლის შემდეგ საქართველოში და შესაბამისად რთულია, რომ ადგილობრივ ეკონომიკას ვენდოთო, შეიძლება ამაში რაღაც სიმართლის მარცვალიც არსებობდეს და ზუსტად ამიტომ ვიძახით, რომ ამ თანხების ნაწილის ინვესტირება საზღვარგარეთ მოხდება, ანუ სამომავლო საპენსიო შემოსავალი მხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკაზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ საერთაშორისო ეკონომიკაზე“, - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები