დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურები შესარჩევმა კომისიამ უნდა შეარჩიოს, რომლებსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენენ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კი, საინვესტიციო საბჭოს დაამტკიცებს.
კანონის მიხედვითვე, შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და 1 დამოუკიდებელი წევრი, რომელსაც ეროვნული ბანკი წარადგენს.
ამასთან, დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
როგორც bm.ge-ის საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განუცხადა, 7-წევრიან შესარჩევ კომისიას მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი წევრი აკლია, რომელიც სებ-მა უნდა წარმოადგინოს, მაგრამ ჯერ არ წარუდგენია.
ცნობისთვის: აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შესარჩევ კომისიაში კანონის შესაბამისად ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შედიან, ხოლო პარლამენტიდან კი, შესარჩევ კომისიაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ოპოზიციიდან დეპუტატი რომან გოცირიძე არიან.
შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესარჩევი კომისია ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრისთვის შრომის ანაზღაურების მიცემას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. შესარჩევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ფინანსდება საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტიდან.

























