მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო სააგენტომ უნდა აუხსნას ხალხს, რომ საპენსიო რეფორმა "გრძელვადიანი მოგზაურობაა"

5c7e7c73f3365
ელენე ჩომახიძე
05.03.19 17:46
1378
საპენსიო ფონდში აკუმულირებული აქტივების ანუ საპენსიო შენატანების მართვასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, საქართველოში საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივიერ რუსო იმყოფება.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს, რადგან მინიმუმ 30-40 წელი მაინც იქნება საჭირო, რომ ხალხმა საპენსიო რეფორმის შედეგები ნახოს, ეს ყველაფერი კი, საზოგადოებას საპენსიო სააგენტომ უნდა აუხსნას.

„როდესაც ვსაუბრობთ საპენსიო სააგენტოს არსებობაზე, ცხადია, იკვეთება ძალიან ბევრი საკვანძო საკითხი. ინვესტიციების მენეჯმენტის თვალსაზრისით, სააგენტომ უნდა აუხსნას ხალხს, რომ ეს იქნება „გრძელვადიანი მოგზაურობა“ და რომ ხალხმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება. ის ფაქტი, რომ თქვენ მოგეცათ საშუალება გრძელვადიან პერიოდში დააგროვოთ კაპიტალი, ცხადია, არის ძალიან დიდი უპირატესობა ქვეყნისთვის. თქვენ შეგიძლიათ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და ინვესტიციები მიმართოთ ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, ასევე გარკვეულ ეტაპზე დაიწყოთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაც. საპენსიო რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშნელოვანია ხალხმა გააცნობიეროს და არ ელოდოს დაუყოვნებლივ და სწრაფ შედეგებს. ნუ დააკვირდებით ამ რეფორმით გამოწვეულ ყოველდღიურ ან თუნდაც ყოველთვიურ დანაკლისს, იცოდეთ, საპენსიო ინვესტირება მინიმუმ 30 -40 წლიანი პროცესია და მას მოთმინებით უნდა შეხვდეს მოსახლეობა“, - განაცხადა ოლივიერ რუსომ.

ოლივიერ რუსოს შეფასებით, საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესი შთამბეჭდავად განხორციელდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს მოხდა ძალიან მალე.
საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებითვე, ასეთი სააგენტოს შექმნა ყოველთვის ძალიან რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული.

„მე ვულოცავ ქვეყანას ასეთ შედეგებს, თუმცა ცხადია, კიდევ ძალიან ბევრი რჩება გასაკეთებელი. აქტივების განთავსების კუთხით, ეს სააგენტო ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის არ არის იდეალური არცერთ ქვეყანაში და არც საქართველოა გამონაკლისი. თქვენ გეძლევათ საშუალება დააფინანსოთ ბევრი პროექტი, რაც ამ რეფორმის განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა ძალიან პოზიტიური სიახლეა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს. როგორც „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ აღნიშნა,საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საკმაოდ დიდი თანხა აქვს გამოყოფილი ზემოთაღნიშნული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც საპენსიო სააგენტოს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებით უზრუნველყოფისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები