მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო სააგენტოს დაავალეს, შეაგროვე ფულიო და მათ ეს დაიწყეს"

5c5e8b8b11583
თელარა გელანტია
09.02.19 12:30
1974
ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული იქნება, თუ სწორად წარიმართება.

რევიშვილი, რომელიც საპენსიო რეფორმის მხარდამჭერია, bm.ge-თან ამბობს, რომ რეფორმის წარმატებით მიმდინარეობას შესაძლოა, პრობლემები საკითხის პოლიტიზირებამ შეუქმნას, რაც უკვე შეიმჩნევა.

საქმე იმაშია, რომ საპენსიო ფონდში დანაზოგების დარიცხვა 1 იანვრიდან დაიწყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საპენსიო ფონდის 5-წევრიანი საინვესტიციო საბჭო, რომელიც საერთაშორისო კონკურსის გზით უნდა შეირჩეს და პარლამენტმა დაამტკიცოს, ჯერ დაკომპლექტებული არაა, დანაზოგების ინვესტირება ვერ ხდება და თანხას სარგებელი არ ერიცხება.

„რეფორმის არასწორად წარმართვაში ერთადერთი ჩემი ეჭვი ის არის, რომ შეიძლება მოხდეს ამ პროცესის პოლიტიზირება. შეიძლება კი არა, ეს პროცესი უკვე პოლიტიზირდა და რაც უფრო მეტი პოლიტიკური გავლენა იქნება ამ არაპოლიტიკურ თემასთან, მით უფრო ბევრი პრობლემა შეიქმნება. უკვე პირველმა იჩინა თავი - მიღებულ იქნა ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ნაჩქარევად დაკომპლექტდა საპენსიო სააგენტო, თუმცა დაკომპლექტდა ძალიან კარგი ადამიანებით, მაგრამ ფაქტიურად, ახლა უკვე გაყინულია - საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი არ დაწყებულა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ წლის ბოლომდე ეს საბჭო ვერ დაკომპლექტდეს და უბრალოდ, ფული კი, ინახება საპენსიო ფონდში და არსად დაიკარგება, მაგრამ ამონაგებს ვერ წერს“, - განაცხადა რევიშვილმა.

მისივე თქმით, საპენსიო სააგენტო თავის საქმეს აკეთებს, საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო კი, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

„საპენსიო სააგენტოს დაავალეს, შეაგროვე ფულიო და მათ ეს დაიწყეს, სანვესტიციო საბჭოს კი ამტკიცებს პარლამენტი და ეტყობა, პარლამენტი საპენსიო სააგენტოს მუშაობას ვერ ეწევა“, - აღნიშნა ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები