საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას. მიქაუტაძის განმარტებით, საპენსიო ფონდს და „ოცნების“ ხელისუფლებას ეფექტური მართვისთვის კომპეტენცია არ ჰყოფნის.
„საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა. სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეების ფული. ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა, ჯერჯერობით, ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს; სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა. „ლელოს“ მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად საპენსიო სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საპენსიო რეფორმა ჩავარდნის პირასაა. ერთი წლის თავზე, სააგენტოს არ აქვს შემუშავებული საინვესტიციო დოკუმენტი. საინვესტიციო საბჭოს უნდა დაეწყო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, თუმცა არ დაწყებულა. საინვესტიციო საბჭოს მიერ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესი და კრიტერიუმები. დაკომპლექტებული არ არის რისკის კომიტეტი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, მმართველობითი ორგანოს შესაქმნელად აუცილებელია შეტანილ იქნას შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონში დაგროვებითი პენსიის შესახებ ან/და საპენსიო სააგენტოს დებულებაში საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
„ეს ფაქტები ცხადყოფს ფონდში არსებულ სისტემურ პრობლემებს. საპენსიო ფონდს და ოცნების ხელისუფლებას არ ჰყოფნის სათანადო კომპეტენცია ამ თანხების ეფექტური მართვისთვის. ფონდში აკუმულირებული თანხა განთავსებულია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე, სადაც საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8.5%-ია, იმ ფონზე, როცა ინფლაცია 7%-ს უდრის. ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას "ქართული ოცნების" ხელში, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ინსტიტუციური მშენებლობა მმართველი ძალის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ: ლევან სურგულაძე ირწმუნება, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო. სურგულაძემ დაკავებული პოზიციის დატოვების თაობაზე განცხადებით უკვე მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს, რომლის წევრები საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივერ რუსო და სამი მინისტრი - ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები არიან.

























