"ყველაფერი იყო მზად, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, არცერთი ვადა არ დაგვირღვევია"- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე აცხადებს იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების არჩევის საკითხს უკავშირდება.
სწორედ საინვესტიციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, სად მოხდება საპენსიო სქემაში აკუმულირებული თანხების ინვესტირება, მანამდე კი 180 მილიონი ლარის დანაზოგი კომერციული ბანკების დეპოზიტებზე დევს.
ლევან სურგულაძე ამბობს, რომ საინვესტიციო საბჭოსა და რისკების სამსახურის შექმნის ვადები კანონში გაწერილი არ არის, შესაბამისად, ამ მიმართულებით გადაცდომა არც ყოფილა.
“28 მაისს გაიმართება საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის სხდომა, სადაც 10 ყველაზე მაღალი ქულის მქონე კანდიდატიდან შეარჩევენ 5 კანდიდატს და საპენსიო სააგენტო 2 სამუშაო დღეში წარუდგენს პარლამენტს ამ კანდიდატებს დასამტკიცებლად.
შემდეგ დაინიშნება საინვესტიციო ოფიცერი. პარალელურად იქმნება რისკის კონტროლის სტრუქტურა, დამოუკიდებელი სტრუქტურა. ეს 2 სტრუქტურა როდესაც დაკომპლექტდება სრულად, ამ მომენტიდან შესაძლებელია დაიწყოს საინვესტიციო საქმიანობა.
ამ სამსახურების შექმნა იანვარში და მარტში იქნებოდა უაზროდ გაწეული ხარჯი, რაც არ არის სწორი. ასევე გვჭირდებოდა, რომ ფულის აკუმულირება მომხდარიყო, რომ შეგვძლებოდა დივერსიფიცირება და პორტფელის შექმნა. პორტფელზე ამონაგები უნდა იყოს იმ ხარჯების შესადარი, რასაც გავცემთ საინვესტიციო საქმიანობასა და რისკების კონტროლზე. ასეთი მოცულობის თანხა უკვე გვაქვს”,- აცხადებს ლევან სურგულაძე.

























