საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ევროპული არჩევანია.
ასე ეხმაურება სურგულაძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას BB-_დან BB-მდე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ Fitch-ის მოლოდინით, „ახალი საპენსიო სისტემა ადგილობრივი დანაზოგების ზრდას წაახალისებს."
„ჩვენ მოველით, რომ მომდევნო წლებში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ამასთანავე, გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ამოქმედებული ახალი საპენსიო სისტემა ადგილობრივი დანაზოგების ზრდას წაახალისებს“, - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტოს ოფიციალურ რელიზში.
Fitch-ის შეფასებას გამოეხმაურა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელიც:
„2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მასშტაბური რეფორმა ამოქმედდა. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ევროპული არჩევანია. სწორედ, მსგავსი ტიპის გარდამტეხი ცვლილებები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას და მთავრობის ასეთმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო საერთშორისო კვლევაში პოზიციონირება. რეფორმა ვითარდება თანმიმდევრულად და დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი იგებს მისი საშუალო თუ გრძელვადიანი სარგებლის შესახებ ინფორმაციას“, - აცხადებს სურგულაძე.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში უკვე ჩაერთო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი და მათ გაეხსნათ პერსონალური ანგარიშები.
„ამ მომენტში აკუმულირდა 60 მილიონზე მეტი თანხა და დარეგისტრირდა 41 ათასზე მეტი კერძო კომპანია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ისტორიული რეფორმის საშუალო და გრძელვადიანი სარგებელი: ჩვენი მოქალაქეების საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრება; მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნა; ამასთან, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა; რასაც, შედეგად სიღარიბის დაძლევა და შრომის ღია ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა მოჰყვება“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

























