მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოსა და "საქართველოს ბანკს" შორის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა

6156c33b8e4bf
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.21 12:10
1594
დღეს, საქართველოს საპენსიო სააგენტომ და "საქართველოს ბანკმა" სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს.

სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევით საპენსიო სააგენტოს უკვე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განხორციელების საშუალება ეძლევა.

"საქართველოს ბანკი" როგორც საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას უზრუნველყოფს. ასევე, ბანკი საოპერაციო პროცესებს, დამოუკიდებელ მონიტორინგს გაუწევს და საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სრულ მხარდაჭერას განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება და იგი ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიულ პირს წარმოადგენს, სადაც განცალკევებული ლიცენზიის მოპოვება მოითხოვება. აღნიშნული ლიცენზია "საქართველოს ბანკმა" 2020 წელს მოიპოვა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დასრულდა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ჩვენი საინვესტიციო ინფრასტუქტურის ფორმირებისთვის. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება არის კომპლექსური და იგი მოიცავს, როგორც საპენსიო აქტივების შენახვას, ასევე მნიშვნელოვან საოპერაციო მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება მონაწილეების ინტერესების დაცვას, რათა დანაზოგების დაცულობითა და საინვესტიციო რისკების მინიმიზაციით მოხდეს საპენსიო აქტივების მართვა, შენახვა, აღრიცხვა და მონიტორინგი“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსსომ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას განცხადებით, „სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საპენსიო სააგენტოსთვის, ასევე სქემაში გაწევრიანებული მილიონზე მეტი მონაწილისთვის. "დეპოზიტარი რისკის მართვის ჩარჩოს მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს და მისი დახმარებით სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის არეალი უფრო გაფართოვდება, რაც საბოლოო ჯამში, მონაწილეების ინტერესს ემსახურება“, - თქვა მან.

„მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ბანკი“ ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეა. საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და შედეგად დღეს, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურსა და "საქართველოს ბანკს" შორის ხელი სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულებას მოეწერა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მაღალი სტანდარტებით განვახორციელოთ საპენსიო სააგენტოს ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოდ შენახვა და მათთან დაკავშირებული გარიგებების/ტრანზაქციების საოპერაციო მხარდაჭერა“, - განაცხადა თავის მხრივ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები