საპენსიო სესხების თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხვალ პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
საქმე ეხება სს "ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემულ სესხებს, რომელმაც პარტია ,,მოქალაქეების" თქმით, უამრავი პენსიონერი დააზარალა. "მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი ვალდებულია შეისწავლოს და აღმოფხვრას ის ხარვეზები, რომელიც საპენსიო სესხებს უკავშირდება, თუმცა ამას არ აკეთებს.
"მეორე წელია პარტია "მოქალაქეები“ პენსიონერების პრობლემებზე ვმუშაობთ - უამრავი პენსიონერი საბანკო თაღლითობის მსხვერპლია. გაურკვევლობაში მყოფი პენსიონერები კონსულტაციისა და დახმარების თხოვნით მომმართავენ. ყოველდღიურად უამრავი ადამიანის განსხვავებულ ისტორიებს ვისმენ, თუ როგორ ძარცვავს მათ ლიბერთი ბანკი.
გამოვააშკარავეთ ლიბერთი ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული, პენსიონერების ძარცვის ორგვარი სქემა: ერთი - პანდემიის დროს გამოცხადებულ საშეღავათო პერიოდს ეხება, რომლის სანაცვლოდაც ბანკმა პენსიონერებს ნებართვის გარეშე სესხის ვადა ორი, სამი და ოთხი წლით გაუხანგრძლივა. მეორე კი საბანკო პროდუქტი, ე.წ. ,,ოვერდრაფტია“, რომელსაც ბანკი პენსიონერებს მათი სათანადო ინფორმირების გარეშე უფორმებდა. პენსიონერებს არავინ აუხსნა რა საფრთხეებს შეიცავდა ასეთი სესხი და რომ მათ წლების განმავლობაში მოუწევდათ პროცენტის გადახდა, ხოლო სესხის ძირი არასდროს დაიფარებოდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან მაქვს კითხვები, რომელზეც მას მოუწევს პასუხის გაცემა. მაინტერესებს, სესხების ვადის შეუსაბამო გაზრდასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ეროვნულ ბანკს შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები, რას გულისხმობს ის და თუ არ აქვს რა მიზეზით; აქვს თუ არა ინფორმაცია ნათია თურნავას და ეროვნულ ბანკს, რომ ლიბერთი ბანკი პენსიონერებს უფორმებდა ეგრეთ წოდებულ „ოვერდრაფტებს“ მათი სათანადო ინფორმირების გარეშე. როდესაც კომერციულ ბანკს აქვს კლიენტის ინფორმირების ვალდებულება, რასაც "ლიბერთი ბანკი“ თავს არიდებდა, რა სახის რეაგირება მოჰყვა ეროვნული ბანკის მხრიდან.
მე მქონდა ეროვნულ ბანკთან კორესპონდენცია და მათი პასუხი იყო, რომ 2023 წელს ზემოაღნიშნული პრობლემით განცხადებით ეროვნულ ბანკს 900-ზე მეტმა პენსიონერმა მიმართა, მათ შორის რამდენიმე ასეულმა დაზარალებულმა პენსიონერმა სწორედ ჩვენი დახმარებით გაგზავნა წერილი.
ჩვენი მოსაზრებით დაზარალებულთა რიცხვი, საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონოდა შესაბამისი რეაქცია და შეემუშავებინა სათანადო რეკომენდაციები.
2023 წელს ჩვენ ეროვნულ ბანკს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ შეიქმნა არაერთი პრეცედენტი, როდესაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ,,მოქალაქეების“ ჩართულობით და ძალისხმევით, მოქალაქეებმა მიმართეს ეროვნულ ბანკს და მათი უნებართვოდ გაზრდილი სესხი, (რომელიც პანდემიის დროს გამოყენებული საშეღავათო პერიოდის გამო, ლიბერთი ბანკის მიერ გახანგრძლივდა 2-დან 4 წლამდე,) დაუბრუნდა ძველ ჩარჩოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც, მაგალითისთვის, 2026 წლამდე უნდა ეხადა სესხი, 2023 წელს დაუსრულდა სესხის გადახდის ვადა. შესაბამისად, საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით მყისიერად რატომ არ შეიმუშავა ბანკმა ერთიანი რეგულაცია, რომ შექმნილი პრეცედენტები ყველა პენსიონერზე ავტომატურად გავრცელებულიყო, რატომ არ გასცა რეკომენდაციები, რომ ლიბერთი ბანკს გაეცა სრულყოფილი ინფორმაცია პანდემიამდე აღებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნების შესაძლებლობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიეტანა მომხმარებლამდე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვები კიდევ არაერთია“, _ აცხადებს დეპუტატი.
ცნობისთვის, ინტერპელაციის 9 კითხვის ავტორები პარტია მოქალაქეები, "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია არიან.