საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების პროცესი 27 იანვრამდე გადავადდა. როგორც BMG-ის სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, განაცხადების მიღება უქმეების გამო შვიდი დღით გადაწიეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურებოდა.
სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, დირექტორის დარიცხული ხელფასი 14 500 ლარი იქნება.
კონკურსის ეტაპებია განცხადების გადარჩევა და გასაუბრება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა კი 2025 წლის 27 იანვარია. კონკურსის შედეგად შერჩეული პირი კი 2025 წლის 1 მაისიდან, 5 წლის ვადით გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი.
მოთხოვნები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია:
მინიმალური განათლება: ბაკალავრი ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის დარგში
სამუშაო გამოცდილება: 10 წელი
ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: 5 წელი
მომავალ დირექტორს ასევე მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე ფლობა და მენეჯერული უნარები. საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ზაფხულიდან დირექტორი არ ჰყავს. 2024 წლის ივნისში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან, საპენსიო სააგენტოს სახელწოდება მაისიდან შეიცვლება და გახდება საპენსიო ფონდი.