პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც საპორტო ქალაქებში საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად საკონტეინერო მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა 30 ლარით არის განსაზღვრული. თუ კანონპროექტი არსებული რედაქციით დამტკიცდება, კანონპროექტის ავტორების გათვლებით, ბიუჯეტში დამატებით 14,3 მილიონი ლარის მობილიზება განხორციელდება. საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას არ ექვემდებარება მხოლოდ ის კონტეინერი, რომლითაც საქონის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 30 აპრილამდე. კანონპროექტის ინიციატორები მოსაკრებლის ძალაში შესვლის ვადად სწორედ 2024 წლის 1 თებერვალს განიხილავენ. დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა მოთხოვნილია იქიდან გამომდინარე, რომ დეპუტატებს სურთ მოსაკრებლიდან მიღებული შემოსულობები მომავალი წლის ბიუჯეტში ასახონ და ეს სახსრები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იქნას მიმართული. საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესება ბიზნესისთვის ბუნებრივია ხარჯია, თუმცა ხარჯზე მეტად ნაწილი თვლის, რომ ეს უფრო ბიუროკრატიას გაზრდის.