საპრივატიზაციო ობიექტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, - ამის შესახებ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ წიქვაძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ამის თქმის საშუალებას სტატისტიკა იძლევა, რაც მიმდინარე წლის 6 თვეში დაფიქსირდა.
"გეგმა 104%-ით შეასრულა. ბიუჯეტში უკვე 63 მილიონი ლარია მობილიზებული, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საპრივატიზაციო ობიექტებზე მოთხოვნა მაღალია", - განაცხადა ზურაბ წიქვაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით დიდი ინტერესი ტურისტულ ობიექტებზე ფიქსირდება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში 30 მილიონის მობილიზება მოხერხდა.
"განსაკუთრებით მოწინავე ტურიზმის სფეროა, პროექტის "50 ქონება თქვენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, ათამდე მსხვილი ობიექტია გასხვისებული, სადაც 50 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა მოსალოდნელი. ამ სექტორიდან პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი 30 მილიონი ლარია. საინვესტიციო ვადები კონკრეტულად არის განსაზღვრული. კერძოდ, ამ პროექტის ფარგლებში, 2-3 წლის განმავლობაში, უნდა შეიქმნას სასტუმრო ინფრასტრუქტურა და დაიწყოს ფუნქციონირება", - განაცხადა წიქვაძემ.
მან ახტალის კურორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ობიექტის საპრივატიზაციო ღირებულება 4 მილიონი ლარია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე მიიღი. რაც შეეხება ინვესტირების ნაწილს, მთლიანი კურორტის აღდგენისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს ინვესტორმა.