მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან“ – „ლელო“ პრივატიზაციის გეგმის ჩავარდნას აფასებს

63cfb1da7a401
BM.GE
24.01.23 14:26
531
მთავრობას 2022 წლის პრივატიზაციის გეგმა ჩაუვარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაციიდან) 202.8 მილიონი ლარი იყო. ეს თანხა ბიუჯეტით დამტკიცებულ პრივატიზაციის 300-მილიონიან გეგმაზე 92.2 მილიონი ლარით ნაკლები იყო. შესაბამისად, პრივატიზაციის შესრულებამ მხოლოდ 67.6% შეადგინა.

საპრივატიზაციო პოლიტიკას „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი აფასებს. როგორც ის აცხადებს, ქვეყანაში არ შემოდის უცხოური ინვესტიციები და საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან.

„რა ზარალი მიადგა ქვეყანას პრივატიზაციის გეგმის ჩაგდებით:

1. სახელმწიფო ბიუჯეტს 90 მილიონის ოდენობით შემოსავალი დააკლდა;
2. ქვეყანაში არ შემოდის უცხოური ინვესტიციები და საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან.

უბედურებების მთელი კასკადია:

1. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო მთელი ეკონომიკური დოვლათის ფაქტობრივად 80%-ს ფლობს, წლიური პრივატიზაციის გეგმა სულ რაღაც 300 მილიონი ლარია. ფოსტას, რკინიგზასა და ელექტროსისტემას კი ისევ სახელმწიფო ფლობს.
2. ყველაზე მსხვილი ობიექტები წმ. მიხეილის საავადმყოფო და რიყის დოქებია და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის პარტნიორებმა, შალვა ბრეუსმა და დავით ხიდაშელმა შეიძინეს. კი, კი, იმ დავით ხიდაშელმა, ძველ რუკებს რომ იტაცებს.
3. სიდიდით მესამე ობიექტი, ფოთის პორტის მიმდებარედ, 74 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც ივანიშვილის ოჯახმა შუამავლების დახმარებით შეიძინა. კონკრეტულად ადიკო ივანიშვილის პარტნიორმა.
4. იმის გამო, რომ 2022 წელს 200 მილიონ ლარზე მეტის ქონება ვერ გაასხვისეს, ადგნენ და გადაწყვიტეს, რომ 2023 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 200 მილიონი ჩაედოთ. აი ასე, მარტივად…

დასკვნების გამოტანა იოლია:

- ვიდრე ამ ოდენობის ქონება სახელმწიფოს ხელში დარჩება, ღარიბი ხალხის ქვეყანა ვიქნებით;
- სანამ ყველაზე დიდი შემსყიდველები ქვეყანაში ოლიგარქი, მისი ოჯახი და მისი საძმაკაცო მინიოლიგარქები იქნებიან, ქვეყანა ვერ გამდიდრდება;
- სანამ პრივატიზაცია წელიწადში 200 მილიონი დარჩება, ეს ქვეყანა მაჩანჩალა ეკონომიკის იქნება", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები