"საქაერონავიგაცია" 2,5 მილიონ ევროდ ახალ ვერტმფრენს ყიდულობს
,,საქაერონავიგაცია“ 2,5 მილიონ ევროდ კიდევ ერთ ვერთმფრენს ყიდულობს, შესყიდვის განხორციელებისას კი გამარტივებული პროცედურების გამოყენებას ითხოვს. დასაბუთებაში, რომელიც უწყებამ შესყიდვების სააგენტოს წარუდგინა ნათქვამია, რომ კიდევ ერთი საფრენი აპარატის შეძენა, სანავიგაციო სისტემების ოპერატიულად მომსახურებისთვის ესაჭიროებათ. ,,საქაერონავიგაციაში“ აცხადებენ, რომ ქვეყნის რთული რელიეფის გამო, ერთი ვერტმფრენით სრულყოფილად ვერ ხერხდება ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრთან კავშირის უზრუნველყოფა, ახალი ვერტმფრენი კი, დამატებით ორი სიხშირეზე მომუშავე რადიოსადგურებით იქნება აღჭურვილი. დოკუმენტაციაში მწარმოებელი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ვერტმფრენს იმავე მწარმოებლისგან შეიძენენ, რომლისგანაც პირველი საფრენი აპარატი იყიდეს. პირველი ვერტმფრენი ,,საქაერონავიგაციამ“ 2016 წელს, ფრანგულ კომპანია „AIRBUS HELICOPTERS S.A.S.-ისაგან შეიძინა.