23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა. ეს თარიღი 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება.
ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია WMO - ს წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის - საქართველო.
საქართველოში საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის პროვაიდერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიური სამსახურია.
ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ატმოსფეროს ტემპერატურა და სინოტივე, ნალექების რაოდენობა ღრუბლების ტიპი, რაოდენობა, ხილვადობა, ამინდის ხასიათი და მათი პროგნოზი და ანალიზი, განსაკუთრებით საყურადღებოა ავიაციის სფეროში, სადაც ფრენის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია მეტეოროლოგიურ პირობებთან.
“საქაერონავიგაციამ, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რამდენიმე დღის წინ დაასრულა ერთიანი წინასწარი გაფრთხილების საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის პროექტი, რომლის ფარგლებში
ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში ააშენა ახალი მეტეოოფისები, თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე“ და ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორი დაამონტაჟა, სადაც განათავსა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემა და აღჭურვა ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატისა და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.
ერთიანი საავიაციო მეტეოსისტემა კიდევ უფრო აამაღლებას ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოს საჰაერო სივრცეში და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებს და ინციდენტების გამომწვევ რისკ-ფაქტორებს მინიმუმამდე დაიყვანს”, - აცხადებენ უწყებაში.
წინასწარი მეტეო გაფრთხილების პროექტი სრულად აკმაყოფილებს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებს. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქაერონავიგაციის მიერ მოპოვებული უაღრესად ღირებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელსაც იყენებს WMO (მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაცია), აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ სოფლის მეურნეობის, თავდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროებმაც.

























