მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქაერონავიგაცია" საჰაერო მოძრაობის მართვის უახლესი სისტემებით აღიჭურვა

5afbd81fb69ac
მაია ბიწაძე
16.05.18 11:03
3363
"საქაერონავიგაცია“ თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ შენობას და სასწავლო ცენტრს გახსნის. ღონისძიება 18 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება. მას ევროკონტროლისა და ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) რეგიონალური დირექტორები დაესწრებიან.

როგორც BM.ge-ს "საქაერონავიგაციაში“ განუმარტეს, საჰაერო მოძრაობის ახალი ცენტრის მშენებლობისა და მისი თანამედროვე სისტემით აღჭურვის საჭიროება საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ნაკადების უპრეცედენტო ზრდის გამო დადგა. გასულ წელთან შედარებით საჰაერო სივრცის დატვირთვა 13%-ით არის გაზრდილი და ზრდის ტენდენცია, ევროკონტროლის წინასწარი პროგნოზით, მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.

"თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრში ესპანური კომპანია “INDRA”-ს წარმოების ახალი სისტემა დამონტაჟდა, რაც ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტიანს და კომფორტულს გახდის. სასწავლო ცენტრი კი საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე 3D სიმულატორით აღიჭურვა, რომელზეც ავიამეთვალყურეები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

მართვის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, შპს „საქაერონავიგაციას“ ექნება შესაძლებლობა, არსებული ორსექტორიანი სივრციდან სამსექტორიან სივრცეზე გადავიდეს. ეს საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. ამოქმედდება ე.წ. upper sector-ს, სადაც ტრანზიტული ანუ შორეული მარშრუტების ავიახომალდები დაფრინავენ. INDRA-ს ახალი სისტემა, ასევე, საშუალებას მისცემს შპს „საქაერონავიგაციას“ თვითმფრინავებს შორის ინტერვალი 10 მილიდან 5 მილამდე შეამციროს, ხოლო აფრენა-დაფრენის ზონებში ინტერვალი 2.5-3 მილამდე დაიყვანოს“ - აცხადებენ შპს,,საქაერონავიგაციაში“.

განსაკუთრებულია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის შენობაც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითაა აშენებული. მისი ჭერი, გათბობა-გაგრილების სისტემა, აკუსტიკა საუკეთესოა რეგიონში. შენობის პროექტი არქიტექტურულ კომპანია „ლებო“-ს ეკუთვნის, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კომპანია „დაგი“-მ შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები