თბილისის საქალაქო სასამართლოს გვერდით ახალი სასამართლო შენობა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში, 24 სხდომათა დარბაზით იქნება აღჭურვილი.
ამის შესახებ bm.ge -ს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა. მისი თქმით, ახალი შენობა, კონკრეტულად კი დამატებითი სხდომათა დარბაზები მნიშნელოვნად შეამცირებს გადატვირთულობას საქალაქო სასამართლოში.
„ნამდვილად არ არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ვითარდება ქართული სასამართლო სისტემა იმაზე სწრაფად ვიდრე უნდა ვითარდებოდეს. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. პრობლემაა არასაკმარისი ინფრასტრუქტურა, დაბალი ბიუჯეტი“ - აცხადებს მიქაუტაძე.
მისი თქმით, სასამართლოში სისტემაში არსებული შეფერხებები და ხარვეზები უმეტესწილად ბოლო წლებში სამოქალაქო კოლეგიაში შემოსული საქმეების მზარდმა დინამიკამაც გამოიწვია, რასაც მოსამართლეთა არსებული რაოდენობა არ ყოფნის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა სამოქალაქო კოლეგიაში 28-დან 46-მდე გაიზარდა. მიქაუტაძის თქმით სამოქალაქო საქმეთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით დაახლოებით სამჯერ მეტია.

























