მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქალაქთაშორისო მგზავრობა ძვირდება|მიზეზები

ავტობუსი

საწვავის გაძვირების ფონზე საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობაც ძვირდება. გასული თვის განმავლობაში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა თითქმის 80 თეთრამდე მოიმატა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. „ომნიბასის“ მგზავრებს უკვე აპრილიდან ტარიფი 5 ლარით, 30 ლარამდე გაეზარდათ.

როგორც კომპანიაში ამბობენ, უახლოეს პერიოდში ფასი შეიცვლება ზუგდიდისა და ბათუმის მიმართულებით მგზავრობაზეც.

მგზავრობის ღირებულების ზრდაში დიდი წვლილი აქვს საწვავის ფასს, თუმცა კომპანიებს სხვა საოპერაციო ხარჯებიც გაეზარდათ. მაგალითად, მოქმედი რეგულაციით, მათ მგზავრების აყვანა მხოლოდ ავტოსადგურებიდან შეუძლიათ, რაც "ომნიბასის" ხელმძღვანელის თქმით, ერთი რეისის შემთხვევაში ხარჯს დაახლოებით 150 ლარამდე ზრდის.

„საწვავის გაძვირება იყო ბოლო წვეთი, რის გამოც მოგვიწია ფასების მატება ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით. ჩვენ გასვლებს ვახორციელებთ ორთაჭალისა და ოკრიბას ავტოსადგურიდან. კერძოდ ამ ორ ავტოსადგურში შესვლის ხარჯების მატების გამო, ავტომატურად ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ერთი რეისი დაახლოებით 150 ლარით გაძვირდა. ეს საშუალოდ თითო ბილეთზე დაახლოებით არის ოთხიდან ხუთ ლარამდე ფასნამატი, რაც ავტომატურად აძვირებს საოპერაციო ხარჯებს“, - აცხადებს ირაკლი კაბულაშვილი, „ომნიბას ექსპრესის“ დირექტორი.

ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით გაიზარდა მგზავრობის ღირებულება "ჯორჯიან ბასის" შემთხვევაშიც. მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაშიც საწვავზე ფასის რადიკალური ზრდა და სხვა საოპერაციო ხარჯების მატებაა.

„ტარიფის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია საწვავის ფასების ზრდასთან. ფასები საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა. მოლოდინი გვაქვს, რომ ის კიდევ გაგრძელდება და ამიტომ გარკვეული ღონისძიებები უნდა მიგვეღო ჩვენც იმისთვის, რომ გაზრდილი ხარჯი დავაბალანსოთ. ამიტომ მოგვიწია ყველაზე მინიმალური - 5 ლარით ფასის გაზრდა. რა თქმა უნდა, ამას ემატება ზოგადად მიმდინარე მოვლენები, ფასების ზრდა ყველაფერზე, მათ შორის ახალი რეგულაციებით. კერძოდ, უშუალოდ სადგურებში მოხდა ჩვენი გადასვლა, სადაც გვქონდა გარკვეული ხარჯი, მათ შორის ინფრასტრუქტურული განვითარების, რათა უფრო კომფორტული გარემო შეგვექმნა მომხმარებლისთვის. ეს ყველა ხარჯიც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, თუმცა ყველაზე დიდი წილი ფასის ზრდაში მაინც მოდის საწვავზე”, - აცხადებს შალვა ხუციშვილი, "ჯორჯიან ბასის" დირექტორი.

საწვავის გაძვირების გამო ტარიფების გადახედვის მიზნით მგზავრთგადამყვანებმა უკვე მიმართეს ავტოსადგურების ადმინისტრაციებს. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი გვიდასტურებს, რომ მძღოლები საქალაქთაშორისო გადაყვანებზე ტარიფების ცვლილებას გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება უცვლელია.

ამავეს გვიდასტურებს ავტოსადგურ "ოკრიბას" იურისტიც. პაატა ყვავაძის თქმით, მძღოლების ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება არ შეიცვლება.

მძღოლების ნაწილი კი პირად საუბრებში გვეუბნება, რომ თუ საწვავზე ფასების ზრდა გაგრძელდა, უცვლელი ტარიფებით მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფა ფიზიკურად შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, მგზავრობა შესაძლოა თითქმის ყველა მიმართულებით გაძვირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები