მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ნაწილზე ფასები გაიზარდა - გაძვირებას ლარის გაუფასურებით ხსნიან

5da331fbdc85f
თათია ჩაფიჩაძე
14.10.19 10:15
2985
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ძვირდება. „დიდუბის ავტოვაგზლის“ ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან თბილისი-ტყიბულის მიმართულებით მგზავრობის ფასი 10-დან 14 ლარამდე გაიზარდა.


მგზავრების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილი ტარიფით მოძრაობენ სამეგრელოსა და იმერეთის მიმართულებით მოძრავი სხვა მიკროავტობუსებიც. მაგალითად, წალენჯიხის მიმართულებით მგზავრობის ფასი 15-დან 20 ლარამდე გაიზარდა. ხონის მიმართულებით კი - 12-დან 15 ლარამდე.


როგორც „დიდუბის ავტოვაგზლის“ გენერალური დირექტორი ნესტორ მიქატაძე bm.ge-ისთან აცხადებს, ტარიფების გაზრდა მძღოლების მომართვის საფუძველზე მოხდა. მიზეზად კი, სავალუტო რყევები სახელდება.


„ფასები დამოკიდებულია მძღოლებზე, რადგან მანქანა მათია და ხარჯებიც მათზეა. თუ მოითხოვენ ფასების ზრდას, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით. ტყიბულის მიმართულებით მგზავრობა 10 ლარი ღირდა, მაგრამ 1 ოქტომბრიდან 14 ლარი გახდა. ტარიფების ზრდა შეთანხმებულად, სადგურებთან თანამშრომლობით ხდება. ამ გაძვირებას თვენახევრიანი კონსულტაციები უძღოდა წინ. გაყიდული ბილეთებიდან ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ 20%-ს, დანარჩენი 80% არის მძღოლის. ამ ეტაპზე ოფიციალურად მეტი მომართვა არ გვქონია, ამიტომ ვერ გეტყვით კონკრეტული ლოკაციიდან მძღოლები რა ტარიფს ახდევინებენ მომხმარებლებს, თუმცა თუ ასეთი მოთხოვნა იქნება მძღოლების მხრიდან, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვექნება“, - ამბობს მიქატაძე.


მისივე ინფორმაციით, გასული წელის შემდეგ ჯერ არ გაძვირებულა თბილისი-ქუთაისის მიმართულება (12 ლარი); ასევე, 12 ლარი ღირს წყალტუბოში მგზავრობა. ბათუმის მიმართულებით კი, მგზავრობის ფასი 20 ლარია. რაც შეეხება თბილისი-გორის მიმართულებას, ამ ხაზზე მძღოლებმა მგზავრობის ფასი 3-დან 4 ლარამდე წელს, გაზაფხულზე გააძვირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები