საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ეკონომიკის უწყების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ინდუსტრიის 2025 წლის შუალედური შედეგები და 2026 წლის გეგმები გააცნეს. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა და სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე დაანონსდა, რომ საქართველო ITB შანხაის მასპინძელი იქნება.
ტურისტული გამოფენა ITB შანხაი, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა ITB China 2026, მომდევნო წლის 26-28 მაისს, შანხაის ექსპო საგამოფენო და საკონვენციო ცენტრში გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველო ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა იყო.




























