5-10 ნოემბერს საქართველო შანხაიში, ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო, მარიამ ქვრივიშვილსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენის შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა ისინი უფრო აქტიურად გავიდნენ ჩინეთის ბაზარზე. საქართველოს შანხაის გამოფენაზე 2018 წლიდან მონაწილეობს და ამ შესაძლებლობით 120-ზე მეტმა ადგილობრივმა ექსპორტიორმა ისარგებლა.
მიმდინარე გამოფენაზე 40-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც შანხაის გამოფენა, ისე სხვა ორმხრივი ეკონომიკური აქტივობები, ხელს შეუწყობს ჩინეთთან სტრატეგიული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გამყარებას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკაზეც, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში.




























