საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად, მომზადებულ რეიტინგში საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა.
საქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო.
ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.
აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა OECD-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ.
საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი წარმოადგენდნენ.
საქართველო ლიდერია რეიტინგის შემდეგ 9 ინდიკატორში, როგორიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია.
აღნიშნული წარმატება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის მართებულობას და ეფექტიანობას, რომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და შექმნას ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემო საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის მიზნით.
“მცირე ბიზნესის მხარდაჭერა არის ჩვენი პრიორიტეტი და ძალიან სასიხარულოა, რომ OECD-ის დონეზე ამის აღიარება მოხდა. OECD-იმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი მცირე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირს, რადგან მათი პროგრამების მხარდაჭერით ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ჩვენ ამ მიმართულებით პოლიტიკას გავაგრძელებთ“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
NS

























