ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს ფარმაცევტული კომპანია NRx-ის და ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ისრაელში შექმნილი COVID ვაქცინის ტესტირებები არის დაგეგმილი. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან თუ რატომ ვრცელდება მსგავსი ცრუ იფნრომაცია.
“ეს არის დეზინფორმაცია. ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი შეხვედრა ამ ჯგუფთან არ გამართულა და საქართველო არ აპირებს მსგავს ცდაში მონაწილეობას, ვინაიდან საქართველოს აქვს დღეს წვდომა გამოცდილ და მსოფლიოში აღიარებულ ვაქცინებზე და გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და კონტრაქტები ამ ვაქცინების მწარმოებლებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდეს უსაფრთხო და უკვე გამოცდილი ვაქცინებით.
მე ვერ დავდებ დასკვნას თუ რატომ ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. დარწმუნებული ვარ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და მოხდება რეაგირება თუ რატომ ავრცელებს კომპანია ამ ინფორმაციას,”- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
თავად NRx-მა, რომლის აქციებიც ნიუ-იორკის NASDAQ-ის ბირჟაზე ივაჭრება, 12 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ვაქცინის კანდიდატის BriLife-ის კლინიკური კვლევების 2b/3 ტესტირების ფაზა საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდებოდა, რის შესახებაც მას ამ ქვეყნების მთავრობებისგან შესაბამისი ნებართვა უკვე გააჩნდა.




























