ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე “რუსთავის ფოლადისა“ და აშშ-ს პრეიზდენტის, დონალდ ტრამპის დაწესებული 25%-იანი ტარიფის საქმეშია ჩართული. ტრამპმა ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების კონკურენციისგან დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, რამაც საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა.
როგორც ირაკლი ლექვინაძე BM.GE-თან განმარტავს, იმისათვის, რომ რეგულაცია არ შეეხოს საქართველოს, მთავრობამ საკითხი უკვე დააყენა ამერიკულ მხარესთან.
“ჩვენი ინფორმციით, ეკონომიკის მინისტრის ამერიკაში ვიზიტის დროს, რომელიც შედგა მაისში, დასმული იქნა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხოს საქართველოს. რადგანაც რეგულაცია უშვებს იმას, რომ არის გარკვეული კატეგორია ქვეყნების, რომელთა მიმართებაში 25%-იანი სატარიფო ბარიერი არ მოქმედებს და იქ სხვა ტიპის რეგულაციებზეა საუბარი. ეს საკითხი აქტივირებულია ქართული მხარის მიერ.
რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა პრემიერის ხელმოწერით წერილი, სადაც იგივე მოთხოვნაა რეალურად დაყენებული და ამერიკული მხარე ამის შესახებ არის ინფორმიურებული. ახლა მნიშვნელოვანია, ის რომ სავაჭრო კომისია, რომელიც კურირებს აღნიშნულ საკითხს, მათი მხრიდან იქნას დროულად გადაწყვეტილება მიღებული, რათა ქართულ მხარეს დამატებითი სატარიფო ბარიერების გარეშე ჰქონდეს ამერიკაში ექსპორტის განხორციელების შესაძლებლობა“-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენის თქმით, ამ პროცესის კიდევ ერთი მხარე არის ის, რომ არსებობს საფრთხე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ და რომელთაც გაუჩნდათ რეზერვები, მათი პროდუქცია იაფად შემოვიდეს საქართველოში.
„ „რუსთავის ფოლადის„ მეორე წუხული სწორედ ეს იყო, თუმცა ამ საკითხზე მიდის კონსულტაცია, რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში და როგორი მოქმედება შეიძლება განხორციელდეს. ერთ-ერთი არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული პირობა. თუ ადგილობრივ ბაზარს ეხება მსგავსი ტიპის საფრთხე, შეიძლება გარკვეული მოქმედებები იქნას განხორციელებული, თუმცა მე ვფიქრიბ, რომ ჯერჯერობით ამ მასშტაბის გავლენასთან ადგილი არ გვაქვს და იმისათვის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეს მუხლი იქნას გამოყენებული, ამას სჭირდება საკმაოდ მასშტაბური შეფასება და გავლენების ანალიზი ბაზარზე, რათა შემდგომ ეს პროცედურები იქნას დაძრული. ეს უფრო მოლოდინია, რომ ეს გავლენა შეიძლება იქნას ბაზარზე, თუმცა რეალურად არის მხოლოდ კონსულტაციების რეჟიმი, რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ დროს”-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

























