მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო ავირჩიეთ კავკასიის რეგიონში ჩვენი საქმიანობის ჰაბად“ - ბორის ბილიხი, „შმიტც კარგობულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

შმიტც
BM. GE
04.10.23 09:57
112

გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. გერმანული გიგანტის „შმიტც კარგობულის“ (Schmitz Cargobull) საერთაშორისო გუნდი 6,900 თანამშრომელს აერთიანებს, ხოლო მისაბმელი ტრანსპორტის წარმოება წლიურად 61,000 ერთეულზე მეტია. კომპანიამ 2021-2022 ფინანსურ წელს მიაღწია დაახლოებით 2,3 მილიარდ ევროს გაყიდვებს.

მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი ტრაილერების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ „შმიტც კარგობულმა“ (Schmitz Cargobull) შვილობილი კომპანიის - შპს „შმიტც კარგობულ ჯორჯია“-ს ოფისი თბილისთან, განბაჟების ეკონომიკური  ზონის (გეზ) სიახლოვეს, ოფიციალურად გახსნა.

კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან მომსახურებას შესთავაზებს. Schmitz Cargobull-ის სატრანსპორტო საშუალებები უმაღლესი სამრეწველო სტანდარტით არის შექმნილი. შპს „შმიტც კარგობულ ჯორჯიასთან“ ერთად ევროპული ბაზრის ლიდერი ახლა უკვე შეძლებს სრული დატვირთვით ჩაერთოს საქმიანობაში და კიდევ უფრო უკეთ უპასუხოს სატრანსპორტო კომპანიების საჭიროებებს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

იმისთვის, რომ პარტნიორებს შეკვეთების მიღება მაქსიმალურად გაუმარტივოს, „შმიტც კარგობულის“ ადგილობრივი ოფისი აქტიურად თანამშრომლობს ბანკებთან, სალიზინგო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან.

გარდა ამისა, კომპანიამ იქვე გახსნა სათადარიგო ნაწილების საწყობიც, სადაც ფართო ასორტიმენტის პროდუქციაა წარმოდგენილი. საწყობი მომხმარებელს იმის საშუალებასაც აძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიიღოს მომსახურება სერვისცენტრების მეშვეობით, რომელთა ქსელი მოიცავს მთელ კავკასიის რეგიონს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „შმიტც კარგობულისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რადგან საქართველო სატრანსპორტო სექტორში ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ბაზარია. მათივე ვარაუდით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია ტვირთების მოცულობის გაზრდა.

გერმანული კომპანია „შმიტც კარგობულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ბორის ბილიხის განმარტებით, „შმიტც კარგობულისთვის“ საქართველოში ოფისის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„საქართველოში შემოსვლა ჩვენთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რადგან გვინდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები გვთავაზობენ. მათ გაზარდეს სატრანსპორტო მიმოსვლა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით, რუსეთის აცილებით, მაგრამ გადაადგილდებიან ჩინეთსა და ევროპას შორის. ასე რომ, ბუნებრივია,  საქართველო ავირჩიეთ კავკასიის  რეგიონში ჩვენი საქმიანობის ჰაბად”- განაცხადა გერმანული კომპანია „შმიტც კარგობულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ბორის ბილიხმა.

ჩვენ უკვე თითქმის ათი წელია წარმოდგენილი ვართ რეგიონში, მაგრამ ახლა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ - „შმიტც კარგობულის“ ოფიციალური შვილობილი კომპანიის გახსნით საქართველოში. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი არის ჩვენი საქმიანობის შემდგომი გაფართოება, სერვისის პარტნიორების ქსელის გაფართოება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში და, იმედი გვაქვს, განვითარება წარმატებული იქნება. ვნახოთ, სადამდე  მიგვიყვანს მოთხოვნები. ჩვენ ახლოს ვართ ჩვენს მომხმარებლებთან, ვიცავთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ,  საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად განვითარდება და მზად ვართ, შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად”, - განაცხადა გერმანული კომპანია „შმიტც კარგობულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ბორის ბილიხმა.

კომპანია „შმიტც კარგობულ ჯორჯიას” გაყიდვების მენეჯერის კავკასიის რეგიონში, დიმიტრი ქაჯაიას თქმით, ბოლო რვა თვის განმავლობაში კავკასიის რეგიონში „შმიტც კარგობულის” წარმოებული 131 ერთეული ტრაილერი გაიყიდა, მათ შორის, დიდი ნაწილი -  საქართველოში.

„10 წელიწადზე მეტია, რაც „შმიტც კარგობული” საქართველოში  მოღვაწეობს. კომპანიას სხვადასხვა პერიოდში საქართველოში ჰყავდა გაყიდვების წარმომადგენლები  და ხდებოდა ჩვენი პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისთვის.  „შმიტც კარგობულის“ ოფისი კი საქართველოში დეკემბრის თვეში გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს და პროდუქციას სთავაზობს. გარდა ტრაილერებისა, რომელიც მოიცავს ახალ და მეორად ტრაილერებს, რომელსაც ჩვენი ევროპული ქარხნებიდან, დეპოებიდან ვთავაზობთ მომხმარებელს, საქართველოს უკვე სათადარიგო ნაწილების საწყობი დაემატა, რომელშიც მრავალმხრივი ასორტიმენტია და ის თითქმის ყველა ძირითადად სათადარიგო ნაწილს მოიცავს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სათადარიგო ნაწილი ადგილზე არ იქნება,  მისი ჩამოტანა უმოკლეს ვადებში მოხდება. დამატებით ჩვენ ვაფართოებთ სერვისპარტნიორების ქსელს, რათა სრულად მოხდეს გეოგრაფიულად კავკასიის რეგიონის დაფარვა, რომ ყველგან ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი სერვისის მიღება.

მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში კავკასიის რეგიონში 131 ერთეული ტრაილერი გაიყიდა, მათ შორის, დიდი ნაწილი კი საქართველოში.

არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს, ისე მთლიანად კავკასიის როლი გაზრდილია. შესაბამისად, ჩვენს პროდუქციაზეც მოთხოვნა რეგიონში უფრო მაღალია წინა წლებთან შედარებით. „შმიტც კარგობული”  ყოველთვის  მისი მომხმარებლის გვერდით დგას. კომპანიამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველო ყოფილიყო ის ჰაბი, საიდანაც ამ რეგიონის ჩვენი პროდუქციით მომარაგება მოხდებოდა”, - განაცხადა კომპანია „შმიტც კარგობულ ჯორჯიას“ გაყიდვების მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიმიტრი ქაჯაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები