საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2024 წლამდე დაკეტილი რჩება - ამის შესახებ ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, აზერბაიჯანი მომავალი წლის 2 იანვრამდე სპეციალურ საკარანტინო რეჟიმს ახანგრძლივებს, რომლის მიზანიც „კორონავირუსის" ინფექციის გავრცელების აღკვეთა და მისი შესაძლო შედეგების შესამსუბუქებლად ზომების მიღებაა. შედეგად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტოში, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართეს.
საკარანტინო ზომები ძალაში 2020 წლის გაზაფხულიდან შევიდა და განსაკუთრებით სირთულეებს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომელთაც ოჯახების მონახულება სურთ. დღემდე გადაადგილების ერთდაერთ და ხშირად არახელმისაწვდომ საშუალებად ფრენა რჩება.