პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა ლევან დავითაშვილის აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, ისე თანამშრომლობაზე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
bm.ge დაინტერესდა, როგორია ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობა 10 თვეში.
ვაჭრობა
აზერბაიჯანისა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის 10 თვეში 13%-ით შემცირდა და 1.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირებულია ექსპორტიც და იმპორტიც.
უფრო კონკრეტულად, წელს საქართველოდან აზერბაიჯანში საქონლის ექსპორტმა 610.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. იმპორტმა 458.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.5%-ით ნაკლებია გასულ წელზე.
ექსპორტის ნაწილში შემცირებულია, 31.8%-ით შემცირებულია მთავარი სასაქონლო ჯგუფი, მსუბუქი ავტომობილები. იმპორტის მთავარი სასაქონლო ჯგუფი, ნავთობის აირები კი, წლიურად 26.9%-ით არის შემცირებული.
TOP-10 საექსპორტო პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - $253.4 მლნ;
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $42.3 მლნ;
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - $31.9 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $27.3 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $20.8 მლნ;
- ტკბილი გაზიანი სასმელები - $18.6 მლნ;
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - $16.3 მლნ;
- ბამბა - $15.2 მლნ;
- ალაოს ექსტრაქტი - $13.8 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $12.9 მლნ.
TOP-10 იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $181.8 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $75.5 მლნ;
- ცემენტი - $49.2 მლნ;
- სიგარები და სიგარილები - $24.1 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $12.4 მლნ;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $11.1 მლნ;
- თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - $10.6 მლნ;
- ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - $6.6 მლნ;
- მავთულები იზოლირებული, კაბელები - $4.2 მლნ;
- რძე და ნაღები - $4.1 მლნ.