მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო BPO მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა" - ქვრივიშვილი კომპანიებს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით (BPO) წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით თბილისში იმყოფებიან.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

პრესრელიზის თანახმად, მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოში BPO სექტორის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა. შედეგად, ქვეყანაში ოპერირება დაიწყეს ინდუსტრიის ტოპ ხუთეულში შემავალმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან წამყვან ბრენდებს ემსახურებიან, ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ქვეყანაში უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავენ.

„ჩვენი ამოცანაა როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ ბიზნესმიმართულებებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ერთ-ერთი დარგი, რომელიც, ფაქტობრივად ნულიდან შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში, არის ე.წ. BPO სექტორი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, სადაც ძალიან მოკლე პერიოდში გლობალური მოთამაშეების შემოყვანა მოვახერხეთ - საუბარია რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილზე და იმ მომსახურების ექსპორტზე, რომლებსაც ეს სექტორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანალოგიურია აიტი ტექნოლოგიების მიმართულებაც, სადაც, ასევე, სახელმწიფომ ათეულობით გლობალური მოთამაშის შემოყვანა და ათეულობით ათასი მაღალტექნოლოგიური, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა შეძლო.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე, გაიმართა BPO სექტორის ლიდერების სამიტი, რომელშიც ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებსა და უპირატესობაზე, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები