მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 626 მლნ-მდე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

643548dd98566
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.23 09:59
1360
საქართველოს-ბულგარეთს შორის ვაჭრობა გასულ 2022 წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულამდე იყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 626 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021 წელთან შედარებით ეს რიცხვი 44.8%-ით გაიზარდა.

ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ექსპორტს ძირითადი წილი უკავია. გასულ წელს ქვეყანამ ბულგარეთში საქონლის რეალიზებით 423 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი 2022 წელს 66.8%-ითაა გაზრდილი და რეკორდულ ნიშნულზეა.

გასულ წელს საქართველოდან ბულგარეთში ყველაზე დიდი რაოდენობით სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 94.7%-ს შეადგენდა.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეულის რეიტინგი კი ასეთია:

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 401 მლნ დოლარი, 167 278 ტონა;
2. სპილენძის ჯართი - 4.8 მლნ დოლარი, 572 ტონა;
3. სატელეფონო აპარატები - 3.2 მლნ დოლარი;
4. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 2.8 მლნ დოლარი, 1 003 ტონა;
5. აზოტოვანი სასუქები - 2.1 მლნ დოლარი, 4 650 ტონა;
6. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 1.8 მლნ დოლარი, 1 898 ტონა;
7. სატვირთო ავტომობილები - 1.4 მლნ დოლარი;
8. ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 878 ათასი დოლარი, 299 ტონა;
9. ფეროშენადნობები - 739 ათასი დოლარი, 405 ტონა;
10. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი - 633 ათასი დოლარი, 396 ტონა.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ბულგარეთთან სავაჭრო ბრუნვა 61.1%-ით შემცირდა და 48.4 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 34 მილიონ დოლარი იყო (კლება - 58.6%-ით), ხოლო იმპორტი 14 მილიონ დოლარს შეადგენდა (კლება 66.2%).

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ბულგარეთიდან საქართველომ 13.6%-ით მეტი ღირებულების საქონელი შეიძინა. შესაბამისად ქვეყნიდან ამ მიმართულებით 203 მლნ დოლარზე მეტი გავიდა. ბულგარეთიდან იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები პირველ ადგილს იკავებდა.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 115 მლნ დოლარი, 114 975 ტონა;
2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 10 მლნ დოლარი, 465 ტონა;
3. საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 5 მლნ დოლარი, 77 ტონა;
4. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - 4.5 მლნ დოლარი;
5. პურფუნთუშეული - 4.3 მლნ დოლარი, 961 ტონა;
6. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 3.3 მლნ დოლარი, 3 660;
7. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 3.1 მლნ დოლარი, 103 ტონა;
8. ავეჯი დასაჯდომი და მათი ნაწილები - 2.7 მლნ დოლარი, 541 ტონა;
9. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 2.6 მლნ დოლარი, 927 ტონა;
10. ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები - 2.4 მლნ დოლარი, 250 ტონა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ბულგარეთის ელჩმა ვესელინ ვალკანოვიმ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო-ბულგარეთს შორის სახმელეთო გზით ტვირთების გადატანის მაჩვენებლები მზარდია. მან საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით ბულგარული კომპანიები ინტერესდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები