საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე დღეს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ჩინური დელეგაცია შანქსის პროვინციის ქალაქ იანანიდან ეწვია საქართველოს. მხარეებმა აგრეთვე ექსპორტ-იმპორტის გაზრდისა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებიც შეაფასეს.
„საქართველოში ჩამოსვლამდე ჩვენ უკვე გვქონდა კონკრეტული საუბრები ქართულ კომპანიასთან რომელსაც ინდუსტრიული პარკის შექმნა სურდა ქალაქ იანანში. ახლა ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებს ერთერთი ჩინური კომპანია უძღვება, რომელიც კონკრეტულად ინდუსტრიული პარკების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამჟამად საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატაც ჩართულია ამ მოლაპარაკებებში“ - განაცხადა შანქსის პროვინციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლი ან ჯუნმა.
ჩინეთის ინდუსტრიული ზონის თავმჯდომარემ bm.ge -ს განუცხადა, რომ მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი ჩინური საწარმოებისა და ქართული კომპანიების ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების მოძიებაა. ლი ჯენ სის განმარტებით დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას სურს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას პეკინში, ინდუსტრიულ ზონაში ოფისის გახსნა შესთავაზოს.
„ბიზნეს პლატფორმების შექმნა ვფიქრობთ ხელს შეუწყობს საქართველოდან ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მაგალითად თაფლის, რძისა და ღვინის ექპორტს. პარალელურად საინტერესო იქნება ჩინეთიდან საქართველოში ექსპორტიც ისეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტის, როგორიც არის კონკრეტულად ქალაქ იანანში მოყვანილი ვაშლი“ - აცხადებს ლი ჯენ სი.