“ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი კარგად უმკლავდება სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს. მან ეს განცხადება აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად.
უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ხშირად მომდინარეობს სხვადასხვა სახის ჩარევებისგან“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობასთან მიმართებით აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც „მიმართული არის და იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაძლებლობების უკეთ და პოზიტიურად გამოყენებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ სარგებლიანები ჩვენი ხალხებისა და უფრო ფართო რეგიონისთვის“.




























