მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო და ბრაზილია პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ - სამინისტრო

ბრაზილიის

"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბრაზილიის ელჩს საქართველოში, კარლოს რიკარდო მარტინს სელიას შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი და სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა განიხილეს.

როგორც აღინიშნა, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 9%-ით გაიზარდა, ექსპორტი – 73%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 39% შეადგინა. განხილულ იქნა ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები და საქართველოს დაინტერესება ექსპორტის გაფართოების მიმართულებით.

ბრაზილიის ელჩმა დაინტერესება გამოხატა პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობით და ამ მიმართულებით დისკუსიების გაგრძელებით, რასაც ქართული მხარეც მიესალმება. ქვრივიშვილის განცხადებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს პარტნიორობის გასამყარებლად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროშიც თანამშრომლობის გაძლიერებაზე. აღინიშნა, რომ 2024 წელს ბრაზილიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 38%-ით, ხოლო 2025 წელს – 25%-ით გაიზარდა. ასევე განიხილეს თანამშრომლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, საზღვაო, საავიაციო და სხვა სექტორებში.

ერთ-ერთ მთავარ თემად საქართველოს საინვესტიციო გარემო დასახელდა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ინვესტორებს კონკურენტულ პირობებს სთავაზობს, რაც მსოფლიო ბანკის „B-Ready“ ანგარიშითაც დასტურდება – ქვეყანა მე-2 ადგილზეა საოპერაციო ეფექტურობით, მე-3 ადგილზე მარეგულირებელი ჩარჩოთი და მე-6 ადგილზე საგადასახადო სისტემით. ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველო უზრუნველყოფს წვდომას 2.3 მილიარდიან ბაზრებზე საბაჟო გადასახადების გარეშე და ინვესტორებისთვის მოქმედებს სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი, მათ შორის საგადასახადო შეღავათები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში და სპეციალური პირობები IT კომპანიებისთვის.

მარიამ ქვრივიშვილმა ბრაზილიელ ინვესტორებს ინვესტირებისკენ მოუწოდა ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა წარმოება, ლოგისტიკა, განახლებადი ენერგია, სასტუმრო ბიზნესი და უძრავი ქონება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გივი ზედელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები