საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სპეციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. მან სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ არმენ მელიკბეკიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ლევან კობიაშვილის განცხადებით, მეზობელი ქვეყნები 2029 წლის 20 წლამდე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის საერთო განაცხადს შეიტანენ და ტურნირის მასპინძლის სტატუსისთვის იბრძოლებენ:
“დღეს ოფიციალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ორი მეგობარი, მეზობელი და საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყანა, განაცხადს შევიტანთ 2029 წლის 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მადლობას ვუხდი ჩვენს მეგობარს, რომ ერთობლივად ვიმუშავეთ ამაზე და ძალიან მალე ამ ყველაფერს ოფიციალურ სახეს მივცემთ, გავაკეთებთ განაცხადს და მერწმუნეთ ჩვენი ქვეყნებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მასპინძლობის გამოცდილება უკვე გვაქვს, ჩაგვიტარებია მსგავსი ტურნირები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პროექტი ძალიან დაეხმარება ფეხბურთის განვითარებას ჩვენს ქვეყნებში. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ერთობლივად ვუმასპინძლებთ ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირს”, - განაცხადა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საქართველომ 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო 2023 წელს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიიღო, როდესაც დასწრებადობის მხრივ რამდენიმე რეკორდიც მოხსნა.