ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე ამბობს, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის ინოვაციები მნიშვნელოვანია.
როგორც ავთანდილ კასრაძემ ინვესტიციების მოზიდვაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანაში ძლიერი ფუნდამენტია, რომ კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებით, ქვეყანა ინოვაციური გზით განვითარდეს.
"რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვის გზებს, პირველ რიგში ესაა ადამიანური კაპიტალი, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვქმნით. კომპეტენციის ცენტრი ყოველთვის მიზიდულობის ძალაა. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები სამივე მიმართულებით (AI, ფაგები, აგროტექნოლოგიები). ხელოვნურ ინტელექტში ძალიან ძლიერი, გლობალური დონის სტარტაპები უკვე გვყავს. შესაბამისად, გვაქვს ძლიერი ფუნდამენტი, სადაც მაქსიმალური ინვესტირებით, რასაც საქართველოს მთავრობა დაიწყებს კერძო სექტორთან ერთად, მოზიდული იქნება დამატებითი ვენჩურული ფონდები, საინვესტიციო ფონდები, ენჯელ ინვესტორები და ა.შ. სწორედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ საქართველო ინოვაციური გზით შეძლებს ეკონომიკის ორნიშნა ციფრებით ზრდას, ეს მხოლოდ ინოვაციას შეუძლია, არც ერთ სხვა სექტორს“, - აღნიშნა კასრაძემ.
GITA-ს თავმჯდომარე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჯერჯერობით, ქართული კომპანიები ინოვაციურ გადაწყვეტებს ნაკლებად იყენებენ.
"ხელოვნური ინტელექტის ის ძლიერი გადაწყვეტები, რომლებიც გვაქვს უმეტესად სხვა ქვეყნებს ხმარდება და სამწუხაროდ, ქართული ბიზნესები ნაკლებად იყენებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტები პირველ რიგში ჩვენს რეალურ ეკონომიკაში ავსახოთ. ხელოვნური ინტელექტის მოდულების გამოყენება ყველა სფეროში გააუმჯობესებს ადამიანების ყოფას. GITA კონკრეტულ პროგრამებს დაიწყებს, რაც ტრადიციულ სექტორებში ბიზნესების ხელმძღვანელებს ინოვაციების დანერგვისკენ წაახალისებს", - თქვა კასრაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ.
როგორც დღეს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, საქართველოს 3 ძირითად ტექნოლოგიურ მიმართულებად ხელოვნური ინტელექტი (AI), ფაგები და აგროტექნოლოგიები განისაზღვრა.