მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ეკონომიკურად EU-ში გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს - ხუციშვილი

ხუციშვილი

ხვალ, 21 თებერვალს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. მოხსენება, რომელიც 2023 წელს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებებს შეეხება, პარლამენტს უკვე წარედგინა.

23-გვერდიანი დოკუმენტის პირველი ნაწილი საქართველოში 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მიმოხილვას ეძღვნება. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სამი წარმატებული წლის შემდეგ, სრულად აღმოიფხვრა პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენა და ეკონომიკა დაუბრუნდა იმ ტრენდს, რომელიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო. ეს მიღწევა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე,მინისტრი საქართველოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკის დონის თანაფარდობას ადარებს და წერს, რომ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება. 2000-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანებული 13-დან 4 ქვეყნის, კერძოდ: პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები