Fraser-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო 33-ე ადგილიდან 25-ე პოზიციაზე დაწინაურდა. Fraser-ის ინსტიტუტი ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს და ის ორი წლის წინანდელ ვითარებას, ანუ 2023 წელს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური თავისუფლების დონეს აფასებს.
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულია ხუთი პარამეტრი: ეკონომიკურ პროცესებში მთავრობის ჩართულობის წილი, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლება, ინფლაცია ვალუტის სიმყარე (მონეტარული პოლიტიკა), საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები.
ამასთან, ინდექსში აღნიშნულია, რომ მოხდა მეთოდოლოგიური ცვლილებები, შესაბამისად, თუკი წინა წლის ინდექსში საქართველო პირვანდელი მდგომარეობით 21-ე ადგილზე იყო, გადაიხედა მაჩვენებელი და პოზიცია 33-ე ადგილით შეიცვალა. საქართველოს აბსოლუტური ქულა კი, წინა წელს არსებული 7.51-დან 7.69-მდე გაიზარდა.
კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს პოზიციები ასე ნაწილდება:
- მთავრობის ზომა - 7.35 ქულა, გაუარესება 0.1 ქულა;
- სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები - 5.82 ქულა, ქულა უცვლელია;
- ვალუტის სიმყარე - 8.9 ქულა, გაუმჯობესება 0.91 ქულა;
- საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება - 8.77 ქულა, გაუარესება 0.03 ქულა;
- რეგულაციები - 7.62 ქულა, გაუმჯობესება 0.02 ქულა.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების შედეგები ასეთია:
- რუსეთი - 148-ე პოზიცია;
- აზერბაიჯანი - 130-ე ადგილი;
- სომხეთი - 39-ე ადგილი.
- (თურქეთი წელს რეიტინგში არ მონაწილეობდა)
რეიტინგში, რომელიც 165 ქვეყანას მოიცავს, პირველ ადგილს ჰონკონგი, ბოლოს კი – ვენესუელა იკავებს.




























