The Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა 2025 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ბიზნესის თავისუფლების, ეკონომიკური პოლიტიკის, გადასახადების დონის, ბიუროკრატიული ეფექტიანობის, საკუთრების უფლებების დაცულობის, ფინანსური, საინვესტიციო და ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით აფასებს ქვეყნებს. 2025 წლის ანგარიშში საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია და 0.6 ქულით და ის 69-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლებით 35-ე ადგილს იკავებს.
ამის მიუხედავად, საქართველოს შეფასება უფრო დაბალია ვიდრე 2021 წელს იყო, რადგანაც ამ წელს საქართველოს 76 ქულა ჰქონდა, რითაც მსოფლიოში მეთორმეტე ადგილს იკავებდა. ბოლო რამდენიმე წელში საქართველოს პოზიციების გაუარესება გამოწვეულია საკუთრების უფლებების მიმართულებით არსებული ვითარების უკუსვლით, ასევე სასამართლო ეფექტიანობის გაუარესებით, მმართველობის ხარისხის გაუარესებით, ფისკალური სიჯანსაღის შემცირებით, ბიზნესის თავისუფლების შემცირებით, ფინანსური თავისუფლების შემცირებით და მონეტარული თავისუფლების შემცირებით.
ამ ინდექსში საქართველოს შეფასება 2012-2022 წლებში ყოველწლიურად 70 ქულაზე მაღალი იყო, თუმცა 2023 წლიდან ის 70 ქულაზე ნაკლებია.
საქართველოს შეფასება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წლების მიხედვით ასე იცვლებოდა:
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათი შედეგები ასე ნაწილდება:
- სომხეთი - 65.4 ქულა, 57-ე ადგილი;
- აზერბაიჯანი - 62.5 ქულა, 75-ე ადგილი;
- თურქეთი - 56.1 ქულა, 111-ე ადგილი;
- რუსეთი - 51.6 ქულა, 135-ე ადგილი.
2025 წლის ინდექსის მიხედვით ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს სინგაპური 84.1 ქულით, შემდეგ მოდის შვეიცარია 83.7 ქულა, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა 83.1 ქულით.
სიის ბოლოშია ჩრდილოეთ კორეა 3 ქულით (176-ე ადგილი), ასევე კუბა 25.4 ქულა 175-ე ადგილი და ვენესუელა 27.6 ქულა 174-ე ადგილი.