ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტის დევიდ ბოჰიგიანის განცხადებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა OPIC-ის ბენეფიციართა შორის, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს.
ამის შესახებ ბოჰიგიანმა BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის მთავარ თემას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ფოთის პორტთან თანამშრომლობა და ზოგადად, საქართველოს და OPIC-ის თანამშრომლობა წარმოადგენდა.
ამერიკის შეერთებული შტატების კერძო საინვესტიციო კორპორაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ამაყობს იმ პარტნიორობითა და თანამშრომლობით, რომელიც OPIC-სა და საქართველოს შორის არსებობს.
„ჩემი აზრით, საქართველო არის შესანიშნავი მაგალითი იმ ქვეყნისა, სადაც ჩვენ ქვეყნის მთავრობას მის მიერ დასახული განვითარების მიზნების მიღწევაში ვეხმარებით. სწორედ ამიტომ, მე ვამაყობ, როდესაც თბილისში ჩავდივარ ან როდესაც ბატონი პრემიერ-მინისტრი OPIC-ის ოფისს სტუმრობს.
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა OPIC-ის ბენეფიციართა შორის, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში არსებობს გარემო, რომელიც ხელს უწყობს მეწარმოებას, ხელს უწყობს ანტერპრენიორებს და არის ამავდროულად, საკმაოდ კონკურენტუნარიანი სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. შესაბამისად, სწორედ ეს არის ასახული OPIC-ის საინვესტიციო პორტფელშიც. როგორც მახსოვს, მხოლოდ წელს უკვე 140 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შესახებ გვაქვს ხელი მოწერილი. სულ ახლახანს, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ 50 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოვახდენთ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ფოთის პორტში, რაც რეგიონალური სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ბოჰიგიანმა.

























